„ტანჯვით გარდასახულნი“

by მათე თხელიძე
181 ნახვა

ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და მომეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის.

2 კორინთელთა 4:17

ღმერთთან არც ერთი პრობლემა არ არის ამაო. იგი ყოველდღიურ გარემოებათა მეშვეობით აყალიბებს ჩვენს ხასიათს.

იესო გვაფრთხილებდა, რომ წუთისოფელში მრავალი განსაცდელი გველოდა. არც ერთი ჩვენგანი არ არის დაზღვეული ტკივილისგან, არაა დაცული სიძნელეთაგან და ცხოვრების გზაზე დაბრკოლებათა და უსიამოვნებათა გარეშე არ დადის. ცხოვრება პრობლემების მუდმივი მონაცვლეობაა. ერთი არ გაქვს ბოლომდე დაძლეული და უკვე მეორე იჩენს თავს. მათი უმრავლესობა სულაც არაა დიდი და სერიოზული, მაგრამ თითოეული მათგანი არცთუ უმნიშვნელო როლს თამაშობს ზრდის პროცესში, რომელსაც ღმერთი წარმართავს.

მოციქული პეტრე ამბობდა, რომ ტანჯვა თავისთავად არსებული მოვლენაა:

საყვარელნო, ნუ გაგაოცებთ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ დაგმართოდეთ.

პეტრე 4:12

პრობლემების მეშვეობით ღმერთი გვაახლოებს საკუთარ პიროვნებასთან. ბიბლიაში ვკითხულობთ:

ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის.

ფსალმუნი 33:18

ღმერთთან ყველაზე ახლო და ღრმა შეხვედრები, სავარაუდოდ, მაშინ გელით, როცა ყველაზე დიდი ძნელბედობის ჟამი დაგიდგებათ ცხოვრებაში; როცა გულდაჭრილი იქნებით, როცა ისეთი განცდა დაგეუფლებათ, თითქოს მიგატოვეს, როცა გზას ვეღარ გაიკვლევთ, როცა ტკივილი უკიდურეს ზღვარს მიაღწევს და იძულებულნი გახდებით, ღმერთს მიმართოთ. სწორედ მძიმე განსაცდელის დღეებში ვსწავლობთ, როგორ მოვუხმოთ გულწრფელად, სულიდან ამომავალი ღაღადით ღმერთს. ზედაპირული ლოცვებისთვის ძალა არ გვრჩება, როცა ცუდად ვართ. ტანჯვა ღმერთის შესახებ ისეთი ფაქტების გაგებაში გვეხმარება, რასაც სხვა შემთხვევაში ვერაფრით გავიგებდით.

ღმერთს მარტივად შეეძლო აერიდებინა იოსებისთვის პატიმრობა, დანიელისთვის – ლომები ხარო, იერემიასთვის – აშმორებული ორმო, პავლესთვის – არაერთი საზღვაო კატასტროფა, სამი ახალგაზრდა ებრაელისთვის კი – გავარვარებული ღუმელი, მაგრამ იგი არ მოქცეულა ასე. მან დაუშვა ყველა ეს განსაცდელი და შედეგად თითოეული მათგანი კიდევ უფრო დაუახლოვდა ღმერთს.

პრობლემები გვაიძულებს, ღმერთს მივაპყროთ მზერა, მას დავეყრდნოთ და არა საკუთარ ძალას. ამაზე მოწმობდა მოციქული პავლე, როცა ამბობდა:

ხოლო ჩვენ თავად გვქონდა სასიკვდილო მსჯავრი, რათა ჩვენი თავის იმედი კი არ გვქონოდა, არამედ ღვთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს.

2 კორინთელთა 1:9

მანამ ვერ მიხვდებით, რომ ღმერთის გარდა არაფერი გჭირდებათ, სანამ მართლაც არავინ და არაფერი დაგრჩებათ უფლის გარდა.

არც ერთი პრობლემა არ დაგატყდებათ თავს ღვთის ნების გარეშე და მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება ამა თუ იმ პრობლემის სათავე.

ყველაფერი, რაც ღვთის შვილის ცხოვრებაში ხდება, საფუძვლიანად არის გააზრებული ზეციერი მამის მიერ და იგი ყოველ სირთულეს სასიკეთოდ მოაქცევს, იმისდა მიუხედავად, რომ სატანა, ან სხვა ადამიანები თუნდაც, ბოროტს განიზრახავდნენ.

ღმერთი ერთპიროვნულად მართავს სამყაროს. ყოველივე მას უპყრია ხელთ. ნებისმიერი უბედური შემთხვევა მორიგ, გეგმურ მოვლენას წარმოადგენს მის მადლმოსილ ჩანაფიქრში, რომელიც ჩვენი ცხოვრებისთვის აქვს განსაზღვრული. იმის გამო, რომ მთელი თქვენი მიწიერი ცხოვრება ღვთის კალენდარში დასაბამიდანვე იყო ჩაწერილი (ფსალმუნი 138:16).

ყველაფერს, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, საკმაოდ დიდი სულიერი მნიშვნელობა აქვს. აბსოლუტურად ყველაფერს! რომაელთა მიმართ ეპისტოლეში მოციქული პავლე განმარტავს ამის მიზეზს:

ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე ეწევათ სასიკეთოდ. ვინაიდან, რომელნიც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა.

რომაელთა 8:28-29

რიკ უორენი


ამავე კატეგორიის