„უნდა დაკარგო, რათა მიიღო“

by მათე თხელიძე
349 ნახვა

ეს გაცვლაა: მთლიანად უნდა გავცეთ საკუთარი სიცოცხლე, რათა მის ნაცვლად მივიღოთ მისი სიცოცხლე. იესო არაერთგზის ცდილობდა ჩვენთვის იმის შეგონებას, რომ:

თუ სურს ვინმეს, რომ გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომყვეს მე…

მარკოზი 8:34

ჩვენ გამუდმებით უფალში უნდა ვრჩებოდეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთხელ ილოცო და შემდეგ იცხოვრო ისე, როგორც ცხოვრობდი. მუხედავად იმისა, რომ ახლა ხელახლა შობილი ხარ, იესო აგრძელებს:

ვისაც სურს სული შეინარჩუნოს, იგი დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი და სახარების გულისათვის დაღუპავს სულს, იგი შეინარჩუნებს მას.

მარკოზი 8:35

ეს გაცვლაა. ჩვენ მას ჩვენი ცხოვრების მართვის ნებას ვაძლევთ იმისთვის, რომ მივყვეთ მის ნებას, სამაგიეროდ კი ვიღებთ მარადიულ სიცოცხლეს. ბოლო დროის განმავლობაში ადამიანები, რომლებიც სახარებას ქადაგებენ, ყურადღებას არ ამახვილებენ იესოს კვალდაკვალ სიარულის ამ მხარეზე, ჩვენ მხოლოდ ის გვესმის, თუ რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ. სინამდვილეში ვქადაგებთ აღდგომის აღთქმას და არა ჯვრის გავლენას.

სიტუაცია შეიძლება შევადაროთ იმ მოვლენას, რომ ახალგაზრდა მამაკაცი უყურებს რეკლამას საკონტრაქტო ჯარის შესახებ. იგი ხედავს თანატოლ მოღიმარ ახალგაზრდას, რომელიც ლამაზ საზღვაო ფორმაშია გამოწყობილი, დგას გასაოცარ გემზე, გაშლილ ზღვაში და მის ზემოთ ბროლივით ცაა. რეკლამაში ჩნდება მსოფლიოს ქალაქების პორტები და ეს დიდებული რამ ისეთი ხელმისაწვდომი გვეჩვენება… ახალგაზრდა მაშინვე მიდის და საკონტრაქტო ჯარში ეწერება. ის პირობებსაც არ გასცნობია, რადგან მხოლოდ სარგებლითაა მოტივირებული. ის ბედნიერია, მას გამოუჩნდა ახალი შესაძლებლობა, რომ ნახოს მსოფლიო, იყოს ძლიერი არმიის წევრი და ბევრი მეგობარი შეიძინოს.

მიუხედავად ამისა, მალე აღმოაჩენს, რომ მეტად აღარ აქვს უფლება, იძინოს დილის ცხრა საათამდე, როგორც მიჩვეული იყო. ვალდებულია შეიჭრას თავისი ძვირფასი, გრძელი თმა, არ შეუძლია გავიდეს საზოგადოებრივ ადგილებში, რადგან ვალდებულია, გამუდმებით ბაზაზე იყოს, თვეში მხოლოდ რამდენიმე დღის გამოკლებით.

ამაზე უარესია განრიგი, რომელიც მას არავითარ თავისუფალ დროს არ უტოვებს. მთელი დრო საპირფარეშოების რეცხვაში, ყაზარმის დალაგებაში, აზიდვებისა და სხვა არცთუ ისე იოლი ვარჯიშების შესრულებაში უნდა გაატაროს. მას აღარ აქვს თავისუფალი დრო, რომელიც აქამდე ჰქონდა, ყოველ საღამოს დაქანცული წვება ლოგინში, მაგრამ მაინც იმედს არ კარგავს. იცის, რომ მალე გემზე აღმოჩნდება. ძირითადი სწავლების ამოწურვის შემდეგ გემზე აჰყავთ, მაგრამ სამუშაო ისეთივე ინტენსიური რჩება, ოღონდ ახლა ღია ზღვაში შრომობს; იწყება ომი და საომარ მოქმედებათა მონაწილე ხდება, რაზეც მას ხელი არ მოუწერია.

მან ხელი მოაწერა ცხოვრებაზე, რომელსაც ის თავად ვერ შეიქმნიდა, მით უმეტეს, რომ ის უფასოდ იყო შემოთავაზებული. დიახ, ეს ყოველივე უფასოა, მაგრამ ის ვერ მიხვდა, რომ უნდა გასცნობოდა კონტრაქტის ყველა დეტალს, არ მოელოდა, რომ ეს თავისუფლების ფასად დაუჯდებოდა. თავს მოტყუებულად გრძნობს და ბევრ რამეს ახლა სხვაგვარად ხედავს. მაცდური წინადადებით მიიტყუეს, უთხრეს მხოლოდ გამორჩენის შესახებ, მაგრამ არ უთქვამთ, რის ფასად დაუჯდებოდა ყოველივე.

ჩვენ უსასყიდლო ხსნის სახარებას ვქადაგებთ, რაც აბსოლუტურად სწორია, მაგრამ ვარჩიეთ არ გვეთქვა, რომ მისი მიღების მსურველებს ეს პირადი თავისუფლების დაკარგვის ფასად დაუჯდებათ. თავისუფლებაზე ლაპარაკისას არ ვგულისხმობ ნამდვილ თავისუფლებას, არამედ იმას, რასაც ადამიანები მოიაზრებენ ამაში და რაც ცოდვასთან არის დაკავშირებული. ისინი აბსოლუტურად დარწმუნებულნი არიან თავიანთ თავისუფლებაში, სინამდვილეში კი მონები არიან… ბევრი ურწმუნო ადამიანი ქრისტიანებს აღიქვამს მონებად, რომლებსაც თავისუფლება არ გააჩნიათ მაშინ, როცა თვითონ თავს თავისუფლად მიიჩნევს. სინამდვილეში კი ჭეშმარიტება ისაა, რომ შებოჭილნი არიან სწორედ ისინი, რომლებიც ქრისტეში არ არიან, რადგან ისინი ხომ ცოდვას ემონებიან.

ჯონ ბევირი


ამავე კატეგორიის