ქრისტე იშვა, დედამიწაზე იმედი დაიბადა

by ნინო ხუროშვილი
543 ნახვა

ასე არ არის? ნუთუ არ გჭირდებათ მშვიდობა დედამიწაზე და კაცთა შორის სათნოება? არ გჭირდებათ წყნარი ღამე, წმინდა ღამე? არ გჭირდებათ ანგელოზთა გამოჩენა, მწყემსების უეცარი სიხარული და იმედი, ნეტარი იმედი ყრმისა, ვისი სახელიც ხსნას ნიშნავს?

თქვენ გჭირდებათ ის, ვინც გვიხსნის. გვიხსნის ამ სიძულვილისგან, ამ წყენისგან, ამ მტრობისგან. გვიხსნის პარტიზანული ბრძოლისგან, დეპრესიისა და სასოწარკვეთილებისგან.

აი, ვინ გვიხსნის: ბაგაში მწოლიარე ჩვილი. ღმერთი – შობილი გომურში. განკაცებული ღმერთი, რომელსაც ჭიპლარი ჯერ არ მოშორებია; რომელიც ისეთი ადამიანურია, რომ რძეს წოვს, რომელიც ისეთი ღვთიურია, რომ ანგელოზები ეთაყვანებიან.

გაფართოებული თვალებით შეჰყურებს მას ქალწული, რომელსაც ახლახან შეეძინა ჩვილი. გაოგნებულია იოსებიც, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ ყველაზე დაუჯერებელ ამბავში თავისი ადგილი დაიმკვიდრა.  

„დაარქმევთ მას სახელად იესოს“, – უთხრა ანგელოზმა ორივეს, – „ვინაიდან ის იხსნის ხალხს თავიანთი ცოდვებისგან“. უფალი იესო არის ხსნა. ხსნა ცოდვისგან, დანაშაულისგან, სირცხვილისგან, სიკვდილისგან და დიახ, პოლიტიკური სიბინძურისგან. გაბრიელმა ისიც დაამატა, რომ „დიდი იქნებოდა“ იგი. საკმარისად დიდი იმისათვის, რომ ქარიშხალი შეერისხა, ბოროტი სულები განედევნა, დაეძლია სნეულებანი, დაეცარიელებინა სამარხები, მათ შორის, საკუთარიც. ის იქნებოდა დიდი.

განა არ გვჭირდება დიდი მეფე? მსოფლიო ისეთ ქაოსს მოუცავს, სიცოცხლე ისეთი მყიფეა. პოლიტიკოსების? არა, მე შობის იმედი მსურს და ვლოცულობ, რომ უფალმა მოიმოქმედოს ის, რაც ჩვენი ერის წინამძღოლებს არ ძალუძთ: დაგვამშვიდოს. გაგვაერთიანოს. ამისათვის კი სასწაულია საჭირო.  

ყველა ყვირის გარშემო. რადიოში ყვირიან. ახალ ამბებში ყვირიან. სოციალურ მედიაში ყვირიან. ყველა მხარე ყვირის.

ერთია საკუთარი მოსაზრების ქონა, მეორეა ჩხუბი. ერთად დავფიქრდეთ. ერთად ვიმოქმედოთ. და თუ მსჯელობა წარუმატებელი იქნება, დაე, სიყვარულმა გაიმარჯვოს. თუ სიყვარული ფარავს ცოდვათა სიმრავლეს, განა მას მოსაზრებათა სიმრავლის დაფარვა არ ძალუძს? მშვიდი ინტერმეცო გვჭირდება მოსაზრებათა ამ კაკაფონიაში.  

მადლობა ღმერთს, გვაქვს ასეთი ინტერმეცო. მას „შობა“ ეწოდება.

მამა ჯოზეფ მორს სჭირდებოდა ამის შეხსენება. ის არნსდორფის პატარა ეკლესიის ხუცესი იყო ავსტრიის ქალაქ ზალცბურგის მახლობლად. მრევლი უბრალო ხალხისგან შედგებოდა. ისინი მიწათმოქმედები და ხის მჭრელები იყვნენ. უმეტესწილად სიღარიბეში ცხოვრობდნენ. მრავალი საათის განმავლობაში შრომობდნენ და მკაცრ ზამთართა გადატანა უწევდათ. შობა მათთვის ერთ-ერთი მცირერიცხოვან შესვენებათაგანი გახლდათ. ხუცესი ძალისხმევას არ იშურებდა, რომ საშობაო ღვთისმსახურება განსაკუთრებული ყოფილიყო თავისი სამწყსოსათვის.

მაგრამ იმ წელს, 1818 წელს, ის სიძნელეს წააწყდა. ორგანი გამოუსადეგარი გამხდარიყო. დაძველებულიყო. თაგვებს შეეჭამათ ყველა საბერველი. ეკლესიას ახალი ორგანი სჭირდებოდა, მაგრამ ამისათვის ფული არ ჰქონდათ. მამა მორი ორგანისტთან წავიდა და თავისი საწუხარი გაანდო: „რაღაც განსაკუთრებული უნდა გვქონდეს შუაღამის წირვისთვის“.

რა არის შობა მუსიკის გარეშე? – ფიქრობდნენ ისინი. შობამდე ერთი დღით ადრე ეკლესიის წინამძღვარი მომაკვდავ ქალთან იხმეს უკანასკნელი წესების აღსასრულებლად. არნსდორფში რომ დაბრუნდა, უკვე გვიანი იყო. მთელი დაბლობი და სოფელი სიბნელეში გახვეულიყო. ხუცესი მცირე ხნით შეჩერდა. სიმაღლიდან გადაჰყურებდა სოფელს. ბოლო ხანს მომხდარს დაესევდიანებინა იგი: გამოუსადეგარ ორგანს, ეკლესიის წევრის გარდაცვალებას, ცივ ღამესა და გრძელ გზას.

მისი გულიც, დაბლობის მსგავსად, ჩრდილში ჩაძირულიყო. უეცრად სუსტი სინათლე დაინახა შორს, ერთ ფანჯარაში. ღამის შავი საბურველის ფონზე სინათლე კიდევ უფრო მეტად ანათებდა. ამის დანახვისას ხუცესმა იფიქრა: ალბათ, ბეთლემშიც მსგავსი ღამე უნდა ყოფილიყო, წყნარი, წმინდა ღამე.  

უეცრად შთაგონება იგრძნო. სახლში მისვლა იჩქარა. მაგიდას მიუჯდა და დაწერა:

წყნარი ღამე, წმინდა ღამე,

სამყარო მშვიდად თვლემს,

ზეცას ნათელი მოეფინა,

მიწას უფალი მოევლინა,

ისმის გალობის ხმა,

ხარობს მიწა და ცა.

წყნარი ღამე, წმინდა ღამე,

მწყემსებმა იხილეს

ვარსკვლავი ცაზე ღვთის დიდების,

მაცნე თვით ღმერთის დაბადების,

თაყვანს სცემს სამყარო,

თაყვანს სცემს სამყარო.

მომდევნო დილას ადგა და სიტყვები თავის ორგანისტს, ფრანც გრუბერს წაუღო. გრუბერმა მყისვე წარმოიდგინა სრულყოფილი მელოდია და როცა ცოლს უმღერა, ცოლმა უთხრა: „მე და შენ დავიხოცებით, მაგრამ ეს საგალობელი იცოცხლებს“. ასეც მოხდა.

ამ საგალობლის გარეშე დღეს შობა წარმოუდგენელია: „წყნარი ღამე“. ჩვენთვის ძვირფასია მასში ნათქვამი დაპირება. მსოფლიო ჯერ კიდევ სიბნელითაა მოცული. სიკვდილი აფრიალებს თავის საბურველს. უბედურება აიძულებს ორგანს, დადუმდეს. და მაინც, რაც არ უნდა მოიტანოს მომავალმა თაობებმა, იესოს სინათლე კვლავ იბრწყინებს. მადლობა ღმერთს შობისთვის. მადლობა ღმერთს მისი შობისთვის, რადგან ამ შობას ნამდვილად გვჭირდება შობა.  

მაქს ლუკადო


ამავე კატეგორიის