fbpx

„ქრისტე ‒ სრული კაცი და სრული ღმერთი“

by მათე თხელიძე
244 ნახვა

იესო სრული ღმერთი და სრული კაცია.

ვინაიდან სასურველი იყო მამისთვის, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სისავსე

კოლასელთა 1:19

იესო არ ყოფილა ღმერთის მსგავსი კაცი და არც კაცის მსგავსი ღმერთი, ის ღმერთკაცი იყო და სწორედ ამიტომაც არის აღწერილი ბიბლიაში ისეთი მოვლენები მისი ცხოვრებიდან, როგორებიცაა:

ტაძარში მყოფი 12 წლის იესო, რომელმაც მწიგნობრები გააოგნა თავისი ცოდნით.

განკურნა კეთროვნები, რათა მათაც შესძლებოდათ საყვარელი ადამიანების ჩახუტება.

თვალები აუხილა ბრმებს, რათა მათაც ეხილათ სამყარო.

წყალი ღვინოდ აქცია. დავრდომილი ფეხზე დააყენა. ხუთი ათასი მშიერი კაცი გამოკვება ერთი ადამიანის სამყოფი საკვებით. და რაც ყველაზე მთავარია: დააცარიელა სამარხი, რომელსაც რომაელი ჯარისკაცები იცავდნენ და დიდი ლოდი ედო. იოანე მოციქული ასეთ მომენტებს აღწერს სიტყვით: „დიდება“.

სიტყვა ხორცი იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე. და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მამისაგან მხოლოდშობილისა.

იოანე 1:14

მომენტები, როდესაც ქრისტეს ადამიანური და ღვთიური ბუნება ხვდება ერთმანეთს, ეს შერწყმა ადამიანურისა და ღვთიურისა განცვიფრებას იწვევს ჩვენში. ის არის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი პიროვნება, ვისაც ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე. ახლოსაც კი ვერავინ მივა მასთან. ის მთავარი მოვლენა როდია, ის თავად არის მოვლენა. ის ლოცვებს კი არ პასუხობს მხოლოდ, ის თავად არის რწმენის მიზეზი, რწმენისა, რისგან გამომდინარეც აღვავლენთ ლოცვას. ქრისტიანობის ჯილდო თავად ქრისტეა.

არაფერი შეედრება „უფლის, იესო ქრისტეს ცოდნის უპირატესობას.“ (ფილიპელთა 3:8).

ქრისტიანობის ჯილდო თავად ქრისტეა და არა ბანკში არსებული ფული, არა ავტოფარეხში მდგარი ავტომობილი, ჯანმრთელობა ან უკეთესი რეპუტაცია. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მეორეხარისხოვანი. ქრისტიანობის ჯილდო ქრისტეა. მასთან ურთიერთობა, მოზიარეობა, მის ნაკვალევზე სიარული, მასთან უფრო და უფრო დაახლოება, მასზე ფიქრი. გაცნობიერება იმისა, რომ ქრისტეში რაღაც უძველესის, დაუსრულებელის, შეუჩერებლის და უსასრულოს ნაწილი ხარ. შეგრძნება იმისა, რომ ასეთი ღმერთი გიცნობს და ფიქრობს, რომ ღირს შენი გულისათვის თავის გაწირვა. ქრისტეა ქრისტიანობის ჯილდო. მოციქულ პავლესთვისაც უმაღლესი მიზანი ქრისტეს შეცნობა გახლდათ: „რათა შევიცნო იგი…“ (ფილიპელთა 3:10). ჩვენც ამას უნდა ვისახავდეთ მიზნად.

ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ იესო სრული კაცია და სრული ღმერთი. სრული ღმერთია იმისათვის, რომ გიხსნას, ხოლო სრული კაცი იმისათვის, რომ გაგიგოს.

იგია დიდების ბრწყინვალება და მისი [ღმერთის] არსების ანარეკლი…

ებრაელთა 1:3

იესომ თქვა:

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ.

იოანე 8:58

პავლე შეაგონებდა ტიმოთეს:

გახსოვდეს მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე, დავითის თესლისგან, ჩემი სახარების მიხედვით.

II ტიმოთე 2:8

ხედავთ ორი ბუნების შეერთების ადგილს? „დავითის თესლთაგან“ (ადამიანი) და „მკვდრეთით აღმდგარი“ (ღმერთი, მხსნელი).

ამ სიტყვებს სხვა ვერც ერთ პიროვნებაზე ვერ ვიტყვით. მას ვერც ბუდას და ვერც მუჰამედს და ვერც სხვა რომელიმე პიროვნებას ვერ გავუტოლებთ. ქრისტეს ვერანაირ კატეგორიაში ვერ მოვაქცევთ. ის სრული კაცი და სრული ღმერთია.  

იესო ქრისტე, „ძე ცოცხალი ღმერთისა…“

მაქს ლუკადო


ამავე კატეგორიის