„ღმერთის ხელთაა ყოველივე“

by მათე თხელიძე
397 ნახვა

უკანასკნელი დღეების განმავლობაში უფლის თვალები მსოფლიოს ლიდერებისკენ როდია მიპყრობილი, არამედ იესო ქრისტეს ეკლესიისკენ. ღმერთი არ უყურებს ეკონომიკის ზრდას, არც მსოფლიო რელიგიათა აღზევებას და არც წარმართთა ღრიალს. ესაია წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ღმერთისათვის ერები „სარწყულის ერთი წვეთივით არიან“ (ესაია 40:15), ყველა მათგანი მისი უზენაესი ძალაუფლების ქვეშაა მოქცეული.

ღმერთმა ყველაფერი იცის ომებისა და ტერორისტულ საფრთხეთა შესახებ. მისი სიტყვა გვაფრთხილებს, რომ წარმართები აღიძვრებიან, ამქვეყნიური მთავარნი ქრისტიანობას დევნას დაუწყებენ და ქრისტიანობის საწინააღმდეგოდ მიმართული მოძრაობანი ტრაბახს დაიწყებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი გახდებიან მთელი მსოფლიოს მმართველნი და გაანადგურებენ იესოს მიმდევრებს.

ბიბლია გვეუბნება ამ ყოველივეს შესახებ:

ამქვეყნიერი მეფეები ამხედრებულან, და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან: ‘დავგლეჯთ მათ სადავეებს, მოვიშორებთ მათ ხუნდებს’.

ფსალმუნი 2:2-3

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: „გვერდზე მოვისროლოთ ყოველგვარი ზნეობრივი დაბრკოლებანი და წარსულის ზნეობრივი პრინციპები.“

აი, ღმერთის რეაქცია ბოროტ სულთა გავლენის ქვეშ მყოფ ამქვეყნიურ, ადამიანურ ძალთა მოქმედებაზე:

მკვიდრი ზეცისა გაიცინებს და უფალი აბუჩად აიგდებს მათ.

ფსალმუნი 2:4

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ცუდად შეიძლება გვეჩვენებოდეს ყოველივე, ღმერთის ხელთაა ყველაფერი. მადლობელი ვარ უფლისა ფსალმუნში დაწერილი ამ სიტყვებისათვის.

უფრო და უფრო ხშირად გვესმის იმის შესახებ, რომ ისლამი ყველაზე სწრაფად მზარდი რელიგიაა მსოფლიოში; გვესმის, როგორ ანადგურებს სეკულარიზმი ევანგელისტურ ეკლესიებს ევროპაში; როგორ მართავენ ჰომოსექსუალისტები დემონსტრაციებს; როგორ დასუსტდა ქრისტიანული ეკლესია, რომ მეტად ვეღარ ახდენს გავლენას საზოგადოებაზე; მაგრამ ღვთის სიტყვა აცხადებს: „ქრისტეა კლდე, რომელზეც ღმერთი დააფუძნებს თავის ეკლესიას.“

…ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას.

მათე 16:18

ჯოჯოხეთის ვერც ერთი ძალა ვერც კი იოცნებებს, რომ ქრისტეს ეკლესია განადგურდება. ღვთის თვალები მუდამ თავისი ერისკენაა მიმართული. ის აფრთხილებს სატანას და მის დამქაშებს: „ნუ შეეხებით ჩემი თვალის გუგებს.“

აჰა, თავს დაგესხმის, არა ჩემგან, ვინც შენ შეგებრძოლება, შენს წინ დაეცემა.

ესაია 54:15

ხედავთ, რას ამბობს აქ ღმერთი? „ეშმაკი თავს დაგესხმებათ. ჯოჯოხეთიდან ამოსული მტრები თქვენ წინააღმდეგ შეიკრიბებიან, მაგრამ სატანას არაფერი გამოუვა.“

დევიდ უილკერსონი


ამავე კატეგორიის