fbpx

ღმერთი, რომელიც გისმენთ

by ნინო ხუროშვილი
314 ნახვა

გააღეთ ფანჯრები

„…ბევრი რამ შეუძლია მართლის ძლიერ ლოცვას.“

იაკობი 5:16

წარმოიდგინეთ, რომ ბნელ ოთახში ხართ. ფანჯრები დაგმანულია. ფარდები ჩამოფარებულია. დარაბები დახურულია. სიბნელეში რთულია იმის დაჯერება, რომ ამ ფარდების მიღმა დღის სინათლეა. დადიხართ ხელების ცეცებით და ცდილობთ, გზა გაიკვლიოთ. დგამთ ნაბიჯს, თუმცა დაბნეული ხართ და არ იცით, საით უნდა წახვიდეთ. წინსვლა ნელი და მტკივნეულია. ნატკენი თითები, დალურჯებული წვივები, გატეხილი ლარნაკები.

რთულია სიბნელეში სიარული. კიდევ უფრო რთულია ბნელ სამყაროში ხეტიალი. თუმცა ბევრი ცდილობს. შედეგად, ადამიანები ზიანდებიან, როდესაც პრობლემებზე ბორძიკობენ, სიბნელეში ერთმანეთს აწყდებიან, კედლებს ეჯახებიან. საბოლოოდ, რომელიმე მათგანი აღმოჩენამდე მიდის. ხელს იწვდის სიბნელეში და პოულობს ფარდასა და ფანჯრის საკეტს. „კედლებს ფანჯრები ჰქონია!“

ფარდებს სწევს და ფანჯრებს აღებს. მზის სინათლე იღვრება ოთახში. ის, რაც ბნელი იყო, ახლა ნათელია. ის, რაც ბნელით იყო მოცული, ახლა მკაფიოდ ჩანს. სინათლესთან ერთად ისადგურებს მშვიდობა, სურვილი სინათლესთან ახლოს მისვლისა და გაბედულება ნაბიჯის წინ გადადგმისა.

გაუბედავ ნაბიჯებს თავდაჯერებული სიარული ცვლის. ადამიანი გულდაჯერებულად მიაბიჯებს ცხოვრების დერეფნებში და ერთმანეთის მიყოლებით აღებს ფანჯრებს, რათა სინათლე შემოუშვას. რამხელა სხვაობაა! ამ ყოველივეს კი მხოლოდ ერთი პატარა მოქმედება დასჭირდა: ფარდების გადაწევა და ფანჯრის გაღება.

ლოცვაც სწორედ ასე მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაში. ლოცვა არის ფანჯარა, რომელიც ღმერთმა ჩააყოლა ჩვენი სამყაროს კედლებში. თუ მას დახურულს დატოვებთ, სამყარო ცივი და ბნელი სახლი იქნება, მაგრამ თუ ფარდებს გადასწევთ, უფლის სინათლეს დაინახავთ. გააღეთ ფანჯარა და გაიგონეთ უფლის ხმა. გააღეთ ლოცვის ფანჯარა და მოუხმეთ უფლის თანდასწრებას თქვენს სამყაროში.

ღმერთი, რომელიც გისმენთ

წარმოიდგინეთ, რომ საუკეთესო მეგობრის ქორწილში ხართ. ჯერ კიდევ ბავშვები იყავით, როდესაც ამ დღის შესახებ საუბრობდით და აი, ისიც დადგა. დიდებული საქორწინო ცერემონიალი გაიმართა, ქორწილიც შესანიშნავი გამოვიდა. რა მაგარი დღეა!

პასუხისმგებლობა აიღეთ წვეულების მოწყობისა და საუკეთესოდ გააკეთეთ ეს. მუსიკალური ჯგუფი დაიქირავეთ, დარბაზი იპოვეთ და მორთეთ, კერძებიც თავად შეარჩიეთ და დეიდა ბერტას ტორტის გამოცხობაც სთხოვეთ.

მუსიკოსები უკრავენ, სტუმრები სუფრას უსხედან, მაგრამ დეიდა ბერტა არსად არ ჩანს. ყველაფერია ტორტის გარდა. ჩუმად გადიხართ და რეკავთ. დეიდა ბერტას შეეშალა, იფიქრა, რომ მომდევნო კვირას იყო ქორწილი. ო, ღმერთო! ახლა რაღა უნდა ქნათ?! ყველაფერია ტორტის გარდა…

ნაცნობი სიტუაციაა?

ალბათ. სწორედ ამ დილემის წინაშე იდგა იესოს დედა, მარიამი. შუა ქორწილი იყო. სტუმრები ზეიმობდნენ… მაგრამ ღვინო გამოილია. იმ დროს ღვინო ისეთივე აუცილებელი იყო ქორწილში, როგორიც დღეს ტორტია. წარმოგიდგენიათ ქორწილი ტორტის გარეშე? მათაც ვერ წარმოედგინათ ქორწილი ღვინის გარეშე.

ღვინის შეთავაზება სტუმრებისადმი პატივისცემის გამოჩენას ნიშნავდა. შეურაცხყოფა იქნებოდა, ქორწილში სტუმრებისათვის ღვინო რომ არ შეგეთავაზებინათ. მარიამი სოციალური პრობლემის წინაშე დადგა. ჩვენც, დაახლოებით, მსგავს პრობლემებს ვაწყდებით. იშვიათად გვიწევს ეროვნული დონის დილემებსა და მსოფლიო კონფლიქტებთან გამკლავება. იშვიათად აღწევს ჩვენი პრობლემები რიხტერის სკალის უმაღლეს მაჩვენებლამდე. ტალღები, რომელთა დაძლევასაც ვცდილობთ, ჩვეულებისამებრ, კენჭების მიერაა წარმოქმნილი და არა ლოდების. მაგალითად, გვაგვიანდება შეხვედრაზე. რაღაც გვრჩება სამსახურში. თანამშრომელს ანგარიშის დროულად დაწერა ავიწყდება. გაგზავნილი წერილი სადღაც იკარგება. ტრანსპორტი გადატვირთულია.

ტალღები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში მოდის, არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო, თუმცა, შესაძლოა, ასეც მოხდეს. შეუსაბამო რეაქციამ უბრალო პრობლემაზე, შეიძლება, მდგომარეობა გააუარესოს. ის, რაც ერთი ფიფქით იწყება, შეიძლება, ზვავად გადაიქცეს, თუ სათანადო ყურადღებას არ გამოვიჩენთ. სწორედ ამიტომაც, კარგად დააკვირდით მარიამის რეაქციას. გამოსავალი, რომელიც მან მოძებნა, მიგვითითებს იმ პრაქტიკულ გეგმაზე, რომელიც ცხოვრებისეული კვანძების გამოხსნაში გვეხმარება.

ღვინო აღარა აქვთ,“ – ეუბნება მარიამი იესოს (იოანე 2:3).

სულ ეს არის. მხოლოდ ეს უთხრა მარიამმა იესოს. ის არ გადარეულა. მოთმინება არ დაუკარგავს. მან უბრალოდ შეაფასა პრობლემა და ქრისტეს გადასცა ის მოსაგვარებლად.

მარიამს მოეწონებოდა ეს გამოთქმა, რადგან თავადაც სწორედ ასე მოიქცა. მან განსაზღვრა პრობლემის არსი. მარიამი შეიძლებოდა აფეთქებულიყო: „რატომ არ მოემზადეთ უკეთესად? საკმარისი ღვინო არ გვაქვს! ვისი ბრალია? არასოდეს აკეთებთ რაიმეს სწორად! მე თუ არ მივხედე, ისე არაფერი გამოდის კარგად!“ ანდა შეიძლებოდა საკუთარი თავის დადანაშაულება დაეწყო: „ეს ჩემი ბრალია. მე უნდა დამადანაშაულოთ. ღირსი ვარ. არაფერი გამომდის.“

ძალიან ადვილია, გამოსავლის გარდა ყოველივე დანარჩენზე გავამახვილოთ ყურადღება. მარიამი ასე არ მოქცეულა. მან უბრალოდ შეხედა პრობლემის კვანძს, სათანადოდ შეაფასა ის და მიუტანა იმ პიროვნებას, რომელთანაც უნდა მიეტანა. ის სხვასთან არ წასულა.

ერთხელ მეგობარი მომიყვა ღვთისმსახურთა შეხვედრის შესახებ, რომელსაც თავადაც ესწრებოდა. გაცხარებული და ხანგრძლივი კამათის შემდეგ ვიღაცამ თქვა: „ხომ არ ვილოცოთ?“ მეორემ უპასუხა: „უკვე მოვიდა ამის დრო?“

რა გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ლოცვა უკანასკნელი გამოსავალია და არა პირველი?

ორი მიზეზი მახსენდება: დამოუკიდებლობის შეგრძნება და საკუთარი უმნიშვნელობის განცდა.

ხანდახან დამოუკიდებლობას ვიჩენთ. ვფიქრობთ, რომ საკმარისად დიდები ვართ იმისათვის, რომ ჩვენი პრობლემები თავად გადავჭრათ. ცოტა ხნის წინ ჩემმა მესამე ქალიშვილმაც ისწავლა ცურვა, ანუ, ახლა უკვე ჩემმა სამივე ქალიშვილმა იცის ცურვა. ყოველი მიღწევისას ისინი აღტაცებულნი მეუბნებოდნენ: „შეხედე, მამიკო, უკვე მე თვითონ შემიძლია ამის კეთება!“ მე და ჩემი ცოლი ტაშს ვუკრავდით და ვზეიმობდით ჩვენი ქალიშვილების ყოველ მიღწევას. მათი მოწიფულობა და თავისუფლად მოქმედების უნარი კარგი და აუცილებელია, მაგრამ ვიმედოვნებ, ისინი არასოდეს იფიქრებენ, რომ საკმარისად დიდები არიან იმისათვის, რომ თავიანთ მამიკოს მიმართონ. ღმერთიც სწორედ ასევეა ჩვენდამი განწყობილი.

სხვა დროს კი თავს დამოუკიდებლად ვერ ვგრძნობთ. საკუთარი უმნიშვნელობისა და სიმცირის შეგრძნება გვეუფლება და ვფიქრობთ: „რა თქმა უნდა, მარიამს შეეძლო, პრობლემები იესოსთან მიეტანა. ის ხომ მისი დედაა. ჩემი პრობლემების შესახებ მოსმენას კი რატომ მოისურვებს ქრისტე? მას სხვაც ბევრი აქვს საფიქრალი. არ მინდა, ჩემი პრობლემებით შევაწუხო.“

თუ ასე ფიქრობთ, ნება მომეცით, ჩემი საყვარელი ბიბლიური მუხლი გაგიზიაროთ, რომელიც ისე მომწონს, რომ ჩემი ბიბლიის პირველივე გვერდზე წავაწერე.

გამომიყვანა გაშლილ სივრცეზე, მიშველა, რადგან ვუყვარვარ მე.

ფსალმუნი 17:20

თქვენ ფიქრობდით, რომ ღმერთმა გიხსნათ თქვენი წესიერების ან კეთილი საქმეების გამო? უკაცრავად. ასე რომ ყოფილიყო, ხსნას დაკარგავდით, რამე რომ შეგშლოდათ, ან კეთილი საქმეების კეთებაში რომ მოგეკოჭლებინათ. ბევრი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ გიხსნათ ღმერთმა: თავისი დიდებისათვის, თავისი სამართლიანობის აღსრულებისათვის, თავისი უზენაესობის თვალსაჩინოდ წარმოჩენისთვის. ამ მიზეზთა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მიზეზი ისაა, რომ ღმერთმა გიხსნათ თქვენდამი სიყვარულის გამო. მას მოსწონს, როცა ახლოს ხართ მასთან.

როგორც ნეფე ხარობს პატარძალზე, ისე შენი ღმერთი იხარებს შენზე.

ესაია 62:5

ღმერთს რომ მაცივარი ჰქონოდა, მასზე თქვენი სურათი იქნებოდა მიკრული. ღმერთს რომ საფულე ჰქონოდა, მასში თქვენი ფოტო იქნებოდა. ღმერთი ყვავილებს გიგზავნით ყოველ გაზაფხულზე და მზის სხივებს – ყოველ დილით. ის ყველგან მოგისმენთ, სადაც არ უნდა მოისურვოთ მასთან საუბარი. მას შეეძლო, ნებისმიერ ადგილას ეცხოვრა ამ სამყაროში, მაგრამ მან თქვენი გული აირჩია. და რა საოცარი საშობაო საჩუქარი გამოგიგზავნათ ბეთლემში?

კარგად გააცნობიერეთ ეს, მეგობარო. ღმერთს ძალიან უყვარხართ. არ უნდა იფიქროთ იმაზე, რომ ღმერთისათვის მოსაბეზრებელი ხართ. მხოლოდ იმას უნდა მიაპყროთ მთელი თქვენი ყურადღება, რომ აკეთოთ, რასაც ის გეუბნებათ.

ყურადღება მიაქციეთ მომდევნო მუხლში მოცემულ თანმიმდევრობას:

„ეუბნება მათ იესო: ‘დაავსეთ წყლით ეგ ჭურჭლები.’ და მათაც დაავსეს პირთამდე. და ეუბნება მათ: ‘ახლა ამოიღეთ და მიართვით სუფრის გამრიგეს!’ და მიართვეს. როცა სუფრის გამრიგემ გემო უნახა ღვინოდ ქცეულ წყალს…

იოანე 2:7-9

დაინახეთ თანმიმდევრობა? ჯერ ჭურჭელი აავსეს წყლით მსახურებმა. შემდეგ იესომ უბრძანა მათ, რომ იქიდან ღვინო (და არა წყალი) ამოეღოთ და მიერთმიათ სუფრის გამრიგისათვის.

მე რომ მსახური ვყოფილიყავი, ამას არ ვიზამდი. ვიფიქრებდი: „ეს როგორ მოაგვარებს პრობლემას? ან რას იტყვის სუფრის გამრიგე, როცა წყლით სავსე სასმისს მივაწოდებ?“ თუმცა ის მსახურები ან საკმარისად გულუბრყვილოები იყვნენ, ან ენდობოდნენ იესოს ნათქვამს და ამიტომაც, პრობლემა მოგვარდა.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ წყალი ღვინოდ მას შემდეგ იქცა, რაც მსახურები დაემორჩილნენ მის სიტყვას. არა მანამდე. რა მოხდებოდა, მსახურებს უარი რომ ეთქვათ? რა იქნებოდა, რომ განეცხადებინათ: „არავითარ შემთხვევაში“?

რა მოხდება, უარი რომ თქვათ? რა იქნება, პრობლემა რომ დაადგინოთ, მიიტანოთ ის ქრისტეს წინაშე, მაგრამ უარი განაცხადოთ მისი ნათქვამის შესრულებაზე? ეს შესაძლებელია. ბოლოს და ბოლოს, ღმერთი საკმაოდ გაბედული და კადნიერი ნაბიჯების გადადგმას გთხოვთ. ფული ცოტა გაქვთ, მაგრამ ღმერთი მაინც გთხოვთ, რომ გაიღოთ სხვებისთვის. შეურაცხყოფა მოგაყენეს, მაგრამ ღმერთი გთხოვთ, რომ აპატიოთ თქვენს შეურაცხმყოფელს. ვერ ხედავთ ღვთის სახეს, მაგრამ ის მაინც გთხოვთ, რომ ილოცოთ. თუკი ღმერთი იფიქრებდა, რომ თქვენ ამას ვერ შეძლებდით, ის არც მოგთხოვდათ ამ ყოველივეს.

შემდეგ ჯერზე, როცა სირთულეს გადააწყდებით, მიჰბაძეთ მარიამის მაგალითს:

დაადგინეთ პრობლემა (ამით უკვე ნახევრად მოაგვარებთ მას);

წარუდგინეთ ის უფალ იესოს (მას სურს, დაგეხმაროთ);

გააკეთეთ, რასაც გეტყვით (რაც არ უნდა უჩვეულო იყოს მისი მითითება).

მაქს ლუკადო


ამავე კატეგორიის