„ღმერთმა ადამიანებს ნდობა გამოუცხადა“

by დაჩი პაპაშვილი
472 ნახვა

მადლობა ღმერთს, რომ  მტვრისგან შექმნილ ადამიანებს ნდობა გამოუცხადა, მან მტვრისგან შექმნილ ადამიანებს საკუთარი სული მისცა. მადლობა იესოს, რომ თავისი ამაღლების შემდეგ სულიწმიდა გამოგვიგზავნა, რათა ერთნი ვიყოთ, რათა შერიგება გვქონდეს, რათა გვანუგეშოს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მადლობა იესოს მაშინაც კი, როდესაც ვეცემით და გზას ვეღარ ვხედავთ. ის არის ჩვენი ცხოვრების მესაჭე.

ხშირად მიკითხავს ჩემი თავისთვის: ვინ ვართ ჩვენ? რატომ ვსვამ ამ კითხვას? იმიტომ, რომ მან საკუთარი სიცოცხლე მანდო, საკუთარი სიცოცხლე მომიძღვნა, მაშინაც კი, როდესაც იგი ჯვარზე იყო, არ უთქვამს უარი არცერთ ჩვენგანზე. არცერთ ჩვენგანზე! რატომ? იმიტომ, რომ ვუყვარვართ, და ის გეუბნება: „გამომყევი.“ როდესაც სამყაროს ქმნიდა, ღმერთმა თქვა, რომ ყველა ხემ თავისი ნაყოფი გამოისხას თავისი გვარისამებრ და ეს ასეც მოხდა. ღმერთის მიერ ნათქვამი ეს სიტყვა დღესაც ისევე მოქმედებს, როგორც მაშინ: ყველა ხე ისევ ისხამს ნაყოფს, რადგან ეს ღმერთის მიერ არის თქმული. როდესაც იესომ თქვა: გამომყევი, იცოდე, რომ ეს სიტყვა შენთვის თქვა და ეს სიტყვა ძალმოსილებაა შენს ცხოვრებაში და ის მუშაობს დღესაც.

უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ როდესაც იესომ ჯვარზე თავისი სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად, შენი იმედი ჰქონდა. დიახ, ზუსტად შენი იმედი ჰქონდა, რომ შენ ირწმუნებდი და გაჰყვებოდი მას. ადამიანები ხშირად ვამბობთ: მე იესოს იმედი მაქვს, და შეიძლება ეს პირიქითაც თქვა, რადგან იესომ შენ გამო სიცოცხლე გაიღო. ასე რომ, შენ იესოს იმედი ხარ. შენ იესოს სიცოცხლე ხარ. შენ იესოს ნაწილი ხარ. შენ მისი სხეულის ნაწილი ხარ.

გიორგი (გიგლა) გენგაშვილი


ამავე კატეგორიის