შაბათის მდუმარება

by ნინო ხუროშვილი
43 ნახვა

იესო ჩუმად არის შაბათს. ქალებმა სურნელებანი სცხეს მის სხეულს. ის იოსებ არიმათიელის კუთვნილ სამარხში დაასვენეს.

ქრისტეს სხეული ისევე მდუმარეა, როგორც მის სამარხზე დადებული ლოდი. მან ბევრი რამ თქვა პარასკევს. ის მონებს მიანიჭებს თავისუფლებას კვირას. მაგრამ შაბათს იესო დუმს. დუმს მამა ღმერთიც. იესომ თავისი ხმა გაგვაგონა პარასკევს. მან ტაძრის ფარდა გახია, გახსნა მკვდართა სამარხები, მიწა შეარყია, მზე დააბნელა და თავისი ძე მსხვერპლად შესწირა. დედამიწამ ბევრი გაიგონა ღმერთისგან პარასკევს.

შაბათს არაფერია. იესო დუმს. მამა ღმერთიც დუმს. შაბათი მდუმარეა. პარასკევსა და კვირაზე ბევრს ვსაუბრობთ, შაბათს ყურადღებას არ ვაქცევთ, თითქოს არც ყოფილიყოს. ჯვარცმა და აღდგომა იპყრობს ჩვენს ფიქრებს. თუმცაღა ნუ უგულებელყოფთ შაბათს. მდუმარე შაბათებს.

დღეს – ბრძოლასა და ბრძოლიდან გამოსავალს შორის; დღეს – კითხვასა და პასუხს შორის; დღეს – აღვლენილ ლოცვასა და მიღებულ პასუხს შორის. შაბათის მდუმარება გვაწამებს.

ღმერთი განრისხებულია? იმედი გავუცრუე? მან იცის, რომ იესო სამარხშია და მაინც, რატომ არაფერს მოიმოქმედებს იგი? ღმერთმა იცის, რომ გიჭირთ ფინანსურად, თქვენი კარიერა წინ არ მიდის, თქვენი ქორწინება ქაოსშია. რატომ არაფერს მოიმოქმედებს იგი?    

რა უნდა გააკეთოთ მანამ, სანამ ღმერთი რაიმეს მოიმოქმედებდეს? ის, რაც იესომ. იყავით გაუნძრევლად. იყავით მდუმარედ. მიენდეთ ღმერთს.

როცა კვდებოდა, იესო ფიქრობდა:

ვინაიდან ჩემს სულს არ მიატოვებ ჯოჯოხეთში და არ გაიმეტებ შენს წმინდას ხრწნილების სახილველად.

საქმეები 2:27

იესომ იცოდა, რომ ღმერთი მას სამარხში არ მიატოვებდა. თქვენც უნდა იცოდეთ, რომ ღმერთი მარტოს არ დაგტოვებთ თქვენს ბრძოლათა წინაშე. მისი მდუმარება არ ნიშნავს მის არყოფნას, უმოქმედობა აპათია როდია.

შაბათებს თავისი მიზანი აქვს. მათი მეშვეობით ვგრძნობთ ღვთის ძალის სრულ სიძლიერეს. ღმერთს თავისი ძე რომ სიკვდილიდან თხუთმეტი წუთის შემდეგ აღედგინა მკვდრეთით, სათანადოდ დავაფასებდით ამას?

ღმერთს რომ მეორე დღესავე მოეგვარებინა თქვენი პრობლემები, სათანადოდ დააფასებდით მის ძალას?

ღმერთს აქვს მიზეზები, რომელთა გამოც მან შაბათი პარასკევსა და კვირას შორის მოათავსა. თუ დღეს შენს ცხოვრებაში შაბათია, გამოიჩინე მოთმინება, მის მსგავსად, ვინც აიტანა მდუმარე შაბათი და ვინც წერს:

ამიტომ, ძმებო, სულგრძელნი იყავით უფლის მოსვლამდე.

იაკობი 5:7

მაქს ლუკადო


ამავე კატეგორიის