„აქ არ არის, ვინაიდან აღდგა”

by მათე თხელიძე
577 ნახვა

სიტყვები, რომლებიც ანგელოზმა წარმოთქვა პირველ აღდგომას, დღესაც უცვლელია:

აქ არ არის, ვინაიდან აღდგა, როგორც თქვა.

მათე 28:6

პარასკევის ჯვარცმის შემდეგ პირველი კვირა თენდებოდა. არავინ ელოდა მის აღდგომას.

მტრები კმაყოფილნი იყვნენ საკუთარი მოქმედებით. უხაროდათ, რომ იესო მკვდარი იყო. მათ ახლა მხოლოდ აბეზარი მოწაფეები აღელვებდათ. რელიგიურმა წინამძღოლებმა პილატეს სთხოვეს:

უბრძანე, მესამე დღემდე უყარაულონ სამარხს, რომ არ მოვიდნენ მოწაფეები, არ მოიპარონ იგი და ხალხს არ უთხრან: მკვდრეთით აღდგაო…

მათე 27:64

თუმცა ტყუილად შფოთავდნენ, რადგან მოწაფეები დაბნეულნი და შეშინებულნი იყვნენ. იესო რომ შეიპყრეს, „ყველა მოწაფემ მიატოვა იგი და გაიქცა“ (მათე 26:56). შეშინებულებმა ზოგმა სად შეაფარა თავი, ზოგმა ‒ სად.

არავინ ოცნებობდა იმ სასწაულზე, რომელიც კვირა დილით მოხდებოდა. პეტრეს არ უკითხავს იოანესთვის: „რას ეტყვი იესოს, როცა ნახავ მას?“ მარიამს არ უფქრია: „როგორ გამოჩნდება იგი?“ მათ არ შეეძლოთ ერთმანეთის გამხნევება წმინდა წერილის იმ სიტყვების მეშვეობით, რომლებიც იესოს აღთქმულ დაბრუნებაზე იუწყებოდა. არადა სწორედ ასე უნდა მოქცეულიყვნენ. იესომ, სულ მცირე, ოთხჯერ მაინც თქვა მსგავსი რამ:

…ძე კაცისა გადაეცემა კაცთა ხელს, ისინი მოკლავენ, მაგრამ მესამე დღეს აღდგება.

მარკ. 9:31

იფიქრებთ, ვიღაც მაინც გაიხსენებდა ამ წინასწარმეტყველებას და გამოიანგარიშებდა: „ჰმმ… ის გუშინ მოკვდა. დღეს მეორე დღეა. მან თქვა, რომ მესამე დღეს აღდგებოდა. ხვალ სწორედ მესამე დღეა… მეგობრებო, კარგი იქნება, ხვალ თუ ადრე გავიღვიძებთ.“

მაგრამ შაბათს არაფერი მსგავსი არ თქმულა. შაბათს მტერი გამარჯვებას ზეიმობდა. მოწაფეების გაბედულება სადღაც გამქრალიყო. იმედი კი უკვალოდ აორთქლებულიყო. კვირას ქალები გაემართნენ სამარხისკენ, რათა ქრისტეს სხეულისათვის ნელსაცხებელი ეცხოთ, მაგრამ იქ მისულებს ანგელოზმა უთხრა: „ის აღდგა!“

ორი სიტყვა. ბერძნულად ეს ერთი სიტყვით წარმოთქვა ანგელოზმა: Egerthe. რამხელა მნიშვნელობაა ჩატეული ამ ერთადერთ სიტყვაში. ეს რომ სიცრუე იყოს, მთელი ქრისტიანობა ქვიშაზე აგებული ციხე-სიმაგრესავით ჩამოიშლებოდა, მაგრამ ეს სიცრუე არ არის, ეს ჭეშმარიტებაა. Egerthe! ის აღდგა!

ძილიდან კი არ გამოფხიზლებულა ქრისტე, არც დაბნეულობიდან გამორკვეულა, სულიერად კი აღმდგარა, არა, ის ფიზიკურად, სხეულებრივად აღდგა მკვდრეთით! ქალებსა და მოწაფეებს მოჩვენება არ დაუნახავთ და არც მწუხარებისგან მოლანდებიათ ვინმე. მათ იესო ქრისტე იხილეს „ხორცში“. „ეს მე ვარ თვითონ!“ ‒ დაარწმუნა იესომ ისინი (ლუკა 24:39).  

ემაუსის გზაზე მიმავალი მოწაფეები ფიქრობდნენ, რომ იესო მათი თანამგზავრი იყო მხოლოდ. მისი ფეხები მიწას ეხებოდა სიარულისას. მისი ხელები პურს შეეხო. მარიამს ის მებაღე ეგონა. თომა მის ჭრილობებს შეეხო საკუთარი ხელით. მოწფეებმა იესოს მიერ მომზადებული თევზი ჭამეს. აღმდგარი ქრისტე ფიზიკურ საქმეებს აკეთებდა ფიზიკური სხეულის მეშვეობით.

შეხედეთ ჩემს ხელებსა და ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ. შემეხეთ და ნახეთ, რადგან სულს არ აქვს ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ.

ლუკა 24:39

სხეულებრივი აღდგომა ყველაფერს ნიშნავს. თუ იესო მხოლოდ სულიერად არის ცოცხალი, მაშ, ის ერთ-ერთი ყოფილა ათასობით გარდაცვლილ გმირთაგან, მაგრამ, არა! ის სხეულებრივად აღდგა. ის არის მეფე, რომელმაც თავისი ქუსლით თავი გაუჭეჭყა სიკვდილის გველს. და რაც მოიმოქმედა საკუთარი სამარხის მიმართ, იმავეს გპირდებათ თქვენც: მისი სამარხი ცარიელია, ის აღდგა და ამიტომაც გპირდებათ, რომ თქვენი სამარხიც დაცარიელდება ერთ დღეს და თქვენც აღდგებით!

აღდგომის გმირს მიანდეთ საკუთარი სიცოცხლეცა და სიკვდილიც. ერწმუნეთ მას, ვინც თქვა:

მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე! ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს! ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და სწამს ჩემი, უკუნისამდე არ მოკვდება…

იოანეს 11:25-26

უინსტონ ჩერჩილი სწორედ ასე მოიქცა. პრემიერ-მინისტრმა დაგეგმა საკუთარი დაკრძალვის ცერემონიალი. მის მითითებათა მიხედვით, ორი მესაყვირე დააყენეს წმ. პავლეს ტაძარში, შემაღლებულ ადგილზე. ცერემონიალის დასასრულს, ერთმა მესაყვირემ დაუკრა მელოდია (Taps), რომელიც დღის დასასრულის ნიშანია. მისი დასრულებისთანავე მეორე მესაყვირემ ჩაჰბერა საყვირს და ჰაერში გაისმა “Reveille” მელოდია, რომელიც დღის დასაწყისის მაუწყებელია.

შესაფერისი მუსიკაა, ასე არ არის? სიკვდილი დასასრული არ არის, ის ერთი სამყაროდან მეორეში გარდამავალი საფეხურია. ერთ დღესაც სულთა განმგებელი ხმამაღლა იტყვის:

გაცოცხლდებიან შენი მიძინებულნი. აღდგებიან გარდაცვლილი გვამები. გამოიღვიძეთ და იყიჟინეთ, მტვრის ბინადარნო, რადგან შენი ცვარი ნათლის ცვარია! მიწა მკვდრებს გამოუშვებს

ესაია 26:19

მაქს ლუკადოვ


ამავე კატეგორიის