„დაუმორჩილეთ თქვენი აზრები ქრისტეს”

by დაჩი პაპაშვილი
459 ნახვა

ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი კი არ არის…

II კორინთელთა 10:4

ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე არ ეხება ადამიანურ ფილოსოფიაში განსწავლულ ორ ფილოსოფოსს შორის გამართულ ბრძოლას, „…არამედ არის ღვთიური ძლიერება სიმაგრეთა დასანგრევად.“

შემდეგ მოციქული პავლე აღგვიწერს იმ ორ ნაბიჯს, რომელიც საჭიროა ამ სიმაგრეთა დასანგრევად. „[უპირველესად] იმით ვამხობთ ზრახვებს და ყოველ სიმაღლეს [სიამაყეს], რომელიც აღმართულია ღვთის ცოდნის წინააღმდეგ, და [მეორე] ვატყვევებთ ყოველგვარს აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.“ ეს შეიძლება შევადაროთ ბრძოლის ველზე ჯარისკაცების მიერ მტრის ციხე-სიმაგრის აღებასა და იქ მყოფთა ტყვედ აყვანას. ასევე ჩვენც „ვატყვევებთ ყოველგვარს აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.“ (II კორინთელთა 10:5).

როცა პავლე მოციქული ამბობს, რომ ის ამხობს ღვთის წინააღმდეგ მიმართულ ზრახვებს და ყოველ სიმაღლეს და რომ ის ატყვევებს ყოველგვარ აზრს, აქ იგულისხმება არა საკუთარი, არამედ სხვა ადამიანთა აზრები და ზრახვები. ის არ საუბრობს საკუთარი აზრების დატყვევების შესახებ. საქმე ეხება სხვების აზრებს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პავლე მოციქული ამბობს: „მე კორინთოში ვიმყოფები იმ არამზადებს შორის, რომლებიც იმდენად ტრაბახობენ საკუთარი ფილოსოფიით, რომ ვაპირებ, გავაბათილო მათი ყველა არგუმენტი, ოღონდ არა ჩემი ფილოსოფიით, არამედ ღვთიური ძალით. ვუჩვენებ ძალას და ხუხულასავით ჩამოიშლება მათი აზროვნების სისტემა. შემდეგ კი დავატყვევებ მათ აზრებს, რათა ქრისტეს დავუმორჩილო.“

ამრიგად, პავლე მოციქული გახლავთ მებრძოლი, ხოლო მტრები არიან ის ადამიანები, რომელთა ზრახვები და აზრებიც ამპარტავნობით გამოირჩევა და ღვთის წინააღმდეგ არის აღმართული. მაშინ კი, როცა პავლე ამარცხებს ამ აზრებს და ზრახვებს სულიწმიდის ძალით და ატყვევებს მათ, ეს ადამიანები იძენენ ქრისტეს აზრს (გონებას) და ხდებიან უფლის მორჩილნი.

როგორ დავატყვეოთ აზრები?

უპირველესად, ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ პავლე მოციქულის სიტყვებს და ღმერთისა თუ ცხოვრების შესახებ ყველა ჩვენი აზრი და გრძნობა მისი სწავლების შუქზე შევამოწმოთ. ის, რაც არ იქნება მოციქულის სიტყვების შესაბამისი, უნდა გავანადგუროთ.

ეს ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის. თუ თქვენ ნამდვილად გამოააშკარავებთ საკუთარ აზრებს და ზრახვებს მოციქულთა სწავლების შუქით და იტყვით: „უფალო, გაანადგურე ყველაფერი ჩემს აზროვნებაში, რის განადგურებაც საჭიროა“, ამან შესაძლოა დამთრგუნველი გავლენა მოახდინოს თქვენზე. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდები, როდესაც უსაზღვროდ მიჭირდა უარის თქმა იმაზე, რაც ჩემი გონების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილად მიმაჩნდა.

ამრიგად, ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადავდგათ. ყური უნდა დავუგდოთ პავლე მოციქულს. შემდეგ კი ჩვენი აზრები, მსოფლმხედველობა, შეხედულებები ღმერთს უნდა დავუმორჩილოთ და ვუთხრათ მას: „უფალო, დაანგრიე ჩემში ის, რის დანგრევაც აუცილებელია.“

მეორე ნაბიჯი ისაა, რომ სულიწმიდას უნდა ვთხოვოთ, იმოქმედოს ჩვენში. მოციქული პავლე ამბობს, რომ ჩვენ უბრალო, ხორციელ აზრებსა და ზრახვებს არ ვებრძვით და ამიტომაც გვარიგებს: „ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ არის ღვთიური ძლიერება…“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ამსხვრევს ღვთის წინააღმდეგ მიმართულ ყველა ზრახვას და სიმაღლეს, მაგრამ ის ამას ადამიანური აზრების მეშვეობით არ აკეთებს.

მიყვარს ბიბლიის შესწავლა, სხვადასხვა აზრისა და არგუმენტის განხილვა და შეფასება, მაგრამ გარდა შესწავლისა, ღმერთსაც უნდა შევღაღადებდე: „ღმერთო, ვიცი, რომ მხოლოდ ინტელექტი ვერ დაანგრევს ჩემს გონებაში ღრმად ფესვგადგმულ მცდარ მოსაზრებათ, ამიტომაც, სულიწმიდას გადავცემ ჩემს თავს, რათა მან იმოქმედოს ჩემში.“

პავლე მოციქული ამბობს:

რადგან ისეთი რამის ლაპარაკს ვერ გავბედავ, რაც ქრისტეს არ გაეკეთებინოს ჩემი მეშვეობით წარმართთა დასამორჩილებლად სიტყვით და საქმით.

რომაელთა 15:18

აქ იმავე მორჩილებაზეა საუბარი, რომელზეც კორინთელთა მიმართ მე-2 წერილის მე-10 თავში, სადაც მოციქული წერს ადამიანთა აზრების ქრისტესათვის დამორჩილების შესახებ.

ამრიგად, მოგიწოდებთ, მიეცით უფალ იესო ქრისტეს შესაძლებლობა იმისა, რომ იმოქმედოს თქვენში სულიწმიდის ძალით, რათა განადგურდეს ის, რაც გასანადგურებელია და რათა თქვენი გონება, აზრები, ზრახვები უფალ იესო ქრისტეს ტყვედ იქცეს და დამორჩილდეს მას.

ჯონ ფაიფერი


ამავე კატეგორიის