„ერთი მორწმუნის ფასი”

by მათე თხელიძე
446 ნახვა

ერთხელ, შაბათ საღამოს, ტაიმს სკვერზე გავისეირნე ფაციფუცა ტურისტებისა და სხვა ადამიანების მსგავსად, რომლებიც გამალებით ყიდულობენ რაღაცებს. პიკის საათებში ამ ადგილზე მეოთხედი მილიონი ადამიანი დადის. ვიდექი იქ, ვაკვირდებოდი ხალხს და ვლოცულობდი.

გავიგონე, როგორ მეუბნებოდა ღმერთი: „დევიდ, შეხედე ამ ხალხს. გაამრავლე ეს რაოდენობა რამდენჯერმე. აი, რამდენი ადამიანი დაიღუპა უდაბნოში. მათგან მხოლოდ ორნი, იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე შევიდნენ ჩემს სიმშვიდეში. დანარჩენები კი ნაადრევად დაიხოცნენ სასოწარკვეთილებასა და ურწმუნოებაში.“

ამ აზრმა დამთრგუნა. ვუყურებდი ადამიანებს და უცებ მივხვდი, რომ ნებისმიერ დროს ყველა მათგანისთვის ხელმისაწვდომია სახარება: ტელევიზიით, რადიოთი, ლიტერატურით, სასტუმროს ნომრებშიც კი არის უფასო ბიბლიები.

ნეტავ სურდეთ იმის მოსმენა, რომ ღმერთი, რომელმაც ძველ ისრაელიანთათვის მოიმოქმედა სასწაულები, დღესაც იგივეა და იმავეს აკეთებს თავის მოყვარულთათვის.

და მაინც, ამ ადამიანებს არ სურთ, იცნობდნენ უფალს. ნეტავ სირბილით მიეშურებოდნენ იმ ადგილისკენ, სადაც სახარებებს უფასოდ არიგებენ. მათ არ ჰყავთ სხვა ღმერთი, გარდა ფულისა და საკუთარი სიამოვნებისა.

უეცრად გავაცნობიერე, რაოდენ ფასეული და ძვირფასია ერთი მორწმუნე ღვთის თვალში. თითქოს მესმის, როგორ სვამს იმავე კითხვას უფალი იესო:

როცა ძე კაცისა მოვა, ნეტავ პოვებს კი ამქვეყნად რწმენას?

ლუკას სახარება 18:8

ვხედავ, როგორ იკვლევს ქრისტე ადამიანთა გულებს და ეძებს მათ, ვინც ჭეშმარიტად უფლის მოყვარულია. ვხედავ, როგორ ეძებს ის ასეთ ადამიანებს სტუდენტებს შორის და ეკითხება მათ: „ვინ მირწმუნებს?“ ვხედავ, როგორ ეძებს ის ჩემს ქალაქში თავის მორწმუნეებს, მაგრამ ცოტას თუ პოულობს. ვხედავ, როგორ ეძებს ის ერებს შორის და მხოლოდ ნატამალს პოულობს.

და ბოლოს, ის თავისივე ეკლესიაში ეძებს ჭეშმარიტი რწმენის მქონე მსახურებს. ის, რასაც იგი ხედავს, იმედს უცრუებს, გულს სტკენს. მესმის მისი ტკივილით სავსე ხმა, მისი ტირილი, როცა დასტიროდა იერუსალიმს:

იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან მოვლინებულთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ.

მათეს სახარება 23:37

მე, მისი მსახური, ვატარებ ჩემი მწყემსის ტვირთს და ვგრძნობ მის გულისტკივილს. აი, ამ წუთშიც მესმის, როგორ ამბობს იგი: „ჩემს სახლშიც კი ცოტანი არიან ისეთები, ვისაც აქვს რწმენა. ჩემს შვილთაგან, ჩემს ხუცესთაგანაც კი, ბევრი სუსტი აღმოჩნდა განსაცდელის ჟამს. ისინი არ მანდობენ საკუთარ ოჯახებს, საკუთარ სამსახურებს, საკუთარ მომავალს… ბევრი თავად ირჩევს, რა სურს.“

თქვენზე რას იტყვით? უფალი მოდის და გეკითხებათ: „მირწმუნებ? როცა მოვალ, გპოვებ კი მორწმუნეს?“

რას უპასუხებთ უფალს?

დევიდ ვილკერსონი


ამავე კატეგორიის