„კეთილდღეობის სახარების“ შესახებ

by მათე თხელიძე
210 ნახვა

კეთილდღეობის სახარების მიხედვით, იესოს სურს, რომ ყველა მისი მიმდევარი მდიდარი იყოს, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.

სიმდიდრის მოსახვეჭად საჭიროა ფულის „დათესვა“ მსახურებაში, რათა გაცილებით მეტი ფული და ჯანმრთელობა მივიღოთ.

„სურს ღმერთს, რომ ყველა მდიდარი იყოს? ერთხელ მოვისმინე, ვიღაც ამბობდა ტელევიზორში, რომ ბიბლია სწორედ ამას გვასწავლის, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, სიმართლეა თუ არა ეს. ჩვენ ყოველდღე ვშრომობთ, რათა გადასახადები გადავიხადოთ, თუმცა მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის ვცდილობთ ღმერთის პირველ ადგილზე დაყენებას“, – დაუსვა შეკითხვა ბილი გრემს ერთ-ერთმა მკითხველმა.

მქადაგებელი წამითაც არ შეყოყმანებულა პასუხის გაცემისას:

„არა, ბიბლია არ გვპირდება, რომ ყოველი, ვინც გაჰყვება იესოს, მდიდარი გახდება (არც იმას გვპირდება, რომ ყოველთვის ჯანმრთელნი ვიქნებით). ფული ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ არის მაშინაც კი, თუკი ღმერთი გვანდობს მას. ბიბლია ამბობს:

დოვლათი, ოდეს გაიზარდოს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას.

ფსალმუნი 61:10

ბოლოს და ბოლოს, არც იესო და არც მისი მოწაფეები არ ყოფილან მდიდრები. ფაქტობრივად, ერთადერთი მოწაფე, ვისაც ფული სერიოზულად აღელვებდა, იყო იუდა, რომელიც სიხარბემ იქამდე მიიყვანა, რომ იესო ოცდაათ ვერცხლად გაყიდა. ბიბლია კვლავ და კვლავ გვაფრთხილებს, რომ ფულმა არ გვშთანთქოს და რომ ის ჩვენს ცხოვრებაში იმ კვარცხლბეკზე არ მოვათავსოთ, რომელიც იესო ქრისტეს ეკუთვნის. იესომ თქვა:

არავის შეუძლია, ორ ბატონს ემსახუროს… ვერ შეძლებთ, ღმერთსაც ემსახუროთ და სიმდიდრესაც.

მათე 6:24

ქრისტეს თუ ვიცნობთ, მაშ, მდიდრები ვყოფილვართ, ოღონდ არა ამ წუთისოფლის ქონებით, არამედ სულიერი სიმდიდრით. დაფიქრდით ამაზე. შეუძლია ქვეყნიერებას, ღვთის პატიებაზე უპირატესი რამ შემოგვთავაზოს? შეუძლია, რამე აღემატებოდეს ქრისტეს ყოველდღიურ თანდასწრებას? არსებობს რაიმე ლოცვის პრივილეგიაზე ან ქრისტეს ოჯახის წევრობაზე ან თუნდაც სახარების ქადაგებაზე აღმატებული?

დიდება ღმერთს მის ყოველდღიურ კურთხევათათვის. დაე, თქვენი ცხოვრებისეული მიზანი გახდეს ქრისტესათვის პირველი ადგილის მინიჭება. ყველაზე მეტად მადლობდეთ უფალს იმისათვის, რომ ქრისტესთან ერთად ჩვენ გვაქვს

უხრწნელი, შეუბილწავი და უჭკნობი მემკვიდრეობა, რომელიც ცაშია შენახული თქვენთვის.

1-ლი პეტრე 1:4

ბილი გრემი


ამავე კატეგორიის