ჩვენო ღმერთო და მამაო, ვდგავართ ახალი წლის დასაწყისში და ვაღიარებთ, რომ გვჭირდება შენი თანდასწრება და წინამძღოლობა მომავალში გზის გასაკვლევად.
თითოეულ ჩვენგანს მრავალი იმედი და მოლოდინი აქვს ამ ახალი წლისგან, მაგრამ მხოლოდ შენ უწყი, რა გველის წინ, რა აქვს ახალ წელს ჩვენთვის გამზადებული და მხოლოდ შენ ძალგიძს, მოგვცე ძალა და სიბრძნე ახალ გამოწვევათა დასახვედრად. დაგვეხმარე, რომ თავმდაბლურად ჩაგჭიდოთ ხელები, მოგენდოთ და ვეძიოთ ნება შენი ამ ახალი წლის განმავლობაში.
ცხოვრებისეულ ცვალებადობათა და სირთულეთა შუაგულში კიდევ ერთხელ გვიჩვენე შენი სიყვარულის უცვლელობა.
ცხოვრებისეულ იმედგაცრუებათა და ტკივილთა შუაგულში ყოფნისას დაგვეხმარე, რომ შენს სიმტკიცეს დავეყრდნოთ და შენგან მივიღოთ ნუგეში.
ცდუნებათა შუაგულში მყოფთ, ჩვენივე სიჯიუტის თავნებობით დაღლილთ შეგვეწიე, რომ არ დავკარგოთ გზა, არამედ მხნეობა და გამბედაობა მოვიკრიბოთ იმისათვის, რომ ყველაფრის ფასად ვაკეთოთ ის, რაც სწორი და მართალია შენს თვალში.
ყოველდღიურ საზრუნავთა და საქმეთა შუაგულში აგვიხილე თვალები, რომ დავინახოთ ამქვეყნად გაბატონებული უსამართლობა და მწუხარება; დაგვეხმარე, რომ თანაგრძნობა გამოვხატოთ მათ მიმართ, ვინც უმეგობროდ არიან დარჩენილნი და ვინც გასაჭირშია. დაგვეხმარე, უფალო, რომ მსხვერპლიც გავიღოთ, როცა საჭირო იქნება. დაე, ჩვენც მეფსალმუნესავით გამუდმებით ვლოცულობდეთ:
მასწავლე, უფალო, გზა შენთა წესთა, და დავიცავ მათ ბოლომდე.
ვლოცულობთ ჩვენი ერისა და ქვეყნისათვის. გააერთიანე ჩვენი ხალხი და გამუდმებით შეგვახსენე, რომ:
ნეტარია ერი, ვისი ღმერთიც არის უფალი.
ვუყურებთ გასულ წელს და მადლობას გწირავთ შენი სიკეთისათვის, რადგან იმაზე გაცილებით დიდი სიკეთე გვაჩვენე, ვიდრე ვიმსახურებდით. დაე, არასოდეს დაგვავიწყდეს შენი სიკეთე და წყალობა, ყოველთვის დავმდაბლდეთ შენი ძლიერი ხელის ქვეშ და წელსაც შენ დაგითმოთ ჩვენი ცხოვრების ცენტრი. დაე, ამ წელსაც შენ იყავი ჩვენი რწმენისა და ცხოვრების საფუძველი.
მამაო, გმადლობთ შენი აღთქმისა და იმედისათვის და ამ ახალ წელსაც სიკეთის მოლოდინითა და რწმენით ვხვდებით. ამ ყოველივეს ვლოცულობთ ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს, სახელით, მისი სახელით, ვინც თავისი სიკვდილითა და აღდგომით მოგვცა იმედი. ამინ!