რადგან ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი (ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა): მე ვარ უფალი და მეტი არავინაა.
სიჩუმეა. ადრეა. ყავა ცხელია. ცაზე ისევ ბნელა. ჯერ კიდევ სძინავს ყველას. თენდება.
რამდენიმე წუთში დღეც დადგება და ჩაიხრიგინებს ქუჩებში ამომავალ მზესთან ერთად. განთიადის გარინდებას დღის ხმაური შეცვლის. მარტოობის სიწყნარე ადამიანთა მოდგმის აჩქარებული მოძრაობით შეიცვლება. ადრეული დილის თავშესაფრის სიმყუდროვეს დაარღვევს გადაწყვეტილებათა მიღების აუცილებლობა და საქმეების დროულად მოსწრების სიჩქარე.
მომდევნო თორმეტი საათის განმავლობაში მე დღის მოთხოვნათა წინაშე ვიდგები. ახლა უნდა ავირჩიო. გოლგოთის გამო მე თავისუფალი ვარ არჩევანში და მე ვირჩევ…
მე ვირჩევ სიყვარულს…
ვერაფერი ამართლებს სიძულვილს. ვერავითარი უსამართლობა ვერ დაუდგება ბოღმას თავდებად. მე ვირჩევ სიყვარულს. დღეს მე მეყვარება ღმერთი და ის, რაც უყვარს ღმერთს.
მე ვირჩევ სიხარულს…
მე ჩემს ღმერთს მოვუხმობ, რათა მან იმეფოს გარემოებებზე. მე უარს ვიტყვი ცინიზმის ცდუნებაზე… რაც იმ ადამიანის იარაღია, რომელსაც აზროვნება ეზარება. უარს ვიტყვი იმის დავიწყებაზე, რომ ადამიანები ღვთის მიერ შექმნილნი არიან. უარს ვიტყვი იმის დავიწყებაზე, რომ ნებისმიერი პრობლემა მხოლოდ ღმერთის დანახვის შესაძლებლობაა.
მე ვირჩევ მშვიდობას…
მე ვიცხოვრებ, როგორც ცოდვამიტევებული ადამიანი ცხოვრობს. მე ვაპატიებ, რათა ვიცოცხლო…
მე ვირჩევ მოთმინებას…
ყურადღებას არ მივაქცევ ქვეყნიერების სირთულეებს. იმ ადამიანის დაწყევლის ნაცვლად, რომელიც ჩემს ადგილს იკავებს, მე მას მოვიწვევ ამის გასაკეთებლად. ლოდინის ხანგრძლივობაზე წუწუნის ნაცვლად, ღმერთს მადლობას გადავუხდი, რადგან მაქვს რამდენიმე წუთი ლოცვისთვის. ნაცვლად იმისა, რომ ხელები მოვმუშტო სიმწრით ახალ დავალებათა გამო, მე მათ სიხარულითა და გაბედულებით შევხვდები.
მე ვირჩევ სიკეთეს…
მე ვიქნები კეთილი ღარიბთა მიმართ, რადგან ისინი მარტოსულნი არიან. კეთილი ვიქნები მდიდართა მიმართაც, რადგან მათ ეშინიათ. კეთილი ვიქნები ბოროტთა მიმართაც, რადგან ღმერთის დამოკიდებულებაც ასეთივე იყო ჩემდამი.
მე ვირჩევ სიმართლეს…
მირჩევნია, ერთი დოლარიც არ მქონდეს, ვიდრე ფული უსამართლო გზით მოვიპოვო. მირჩევნია, შეუმჩნეველი დავრჩე, ვიდრე ყურადღება ტრაბახით მივიქციო. მირჩევნია ვაღიარო, ვიდრე ბრალი დავდო ვინმეს. მე ვირჩევ სიმართლეს.
მე ვირჩევ ერთგულებას…
დღეს ჩემს დაპირებებს შევასრულებ. ჩემი მევალეები არ ინანებენ, რომ მენდნენ. ჩემს კოლეგებს ეჭვი არ შეეპარებათ ჩემს სიტყვაში. ჩემი ცოლი არ დაეჭვდება ჩემს სიყვარულში. ჩემს შვილებს კი არასოდეს შეეშინდებათ იმისა, რომ შეიძლება მათი მამა ერთ დღეს სახლში აღარ დაბრუნდეს.
მე ვირჩევ თავმდაბლობას…
ძალით ვერაფერს მოიპოვებს ადამიანი. მე ვირჩევ თავმდაბლობას. ხმას თუ ავიმაღლებ − მხოლოდ უფლის ქებისას. მუშტს თუ შევკრავ − მხოლოდ ლოცვისას. რაიმეს თუ მოვითხოვ − მხოლოდ საკუთარი თავისგან.
მე ვირჩევ თავშეკავებას…
მე სულიერი არსება ვარ. სხეული როცა მოკვდება, სული ამოვა მისგან. უფლებას არ მივცემ ხრწნადს, რომ იმეფოს მარადიულზე. მე ვირჩევ თავშეკავებას. მე მხოლოდ სიხარულით დავთვრები. მხოლოდ რწმენით ვიქნები ჟინიანი. მხოლოდ ღმერთი მოახდენს ჩემზე გავლენას. მხოლოდ ქრისტესგან მივიღებ სწავლებას.
სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სიკეთე, სიმართლე, ერთგულება, თავმდაბლობა და თავშეკავება. ამ ყველაფერს ვუძღვნი ჩემს დღეს. წარმატებას თუ მივაღწევ, მადლობას შევწირავ ღმერთს; თუ დავმარცხდები, ღვთის მადლის ძიებას დავიწყებ. და მაშინ, როცა ეს დღე დასრულდება, დავდებ თავს ბალიშზე და მოვისვენებ.