„მლოცველი მშობლები”

by მათე თხელიძე
240 ნახვა

ერთ დღეს ყველანი წარვდგებით უფლის წინაშე და ანგარიშს ჩავაბარებთ იმის შესახებ, თუ როგორ აღვზარდეთ ჩვენი შვილები. ვერც ერთი ჩვენგანი ვერ შეძლებს თავის გამართლებას ან ვინმეს დადანაშაულებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს უნდა ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს და დავუსვათ კითხვები: ვასწავლეთ ჩვენს შვილებს უფლის შიში და მისი დარიგებანი? მივეცით მაგალითი იმისა, როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი და პატივს მივაგებდეთ მას?

მახსოვს, როცა პატარა ბიჭუნა ვიყავი და ვთამაშობდი, მესმოდა, როგორ ლოცულობდა დედაჩემი ჩემზე. მისი მაგალითი ნათლად ჩამრჩა მეხსიერებაში. მოგვიანებით, ჩვენი შვილების აღზრდისას, მე და გვენიც ასევე ვიქცეოდით, ვლოცულობდით ჩვენს შვილებზე ღვთის სიტყვის თანახმად: „უფალო, დაე, ჩვენი ვაჟები სიცოცხლის წყალთან დარგულ მუხათა მსგავსნი იყვნენ, ხოლო ჩვენი ასულები, ვითარცა სასახლის ოსტატურად თლილი სვეტები.“ (ესაია 61:3 და ფსალმუნი 143:12)

ყოველი ქრისტიანი დიდ იმედებს ამყარებს თავის შვილზე. ამას გამუდმებით ვხედავ ჩვენს ეკლესიაში, როცა მშობლებს მოჰყავთ თავიანთი შვილები, რათა უფალს მიუძღვნან ისინი. ჩვენი ხუცესები ლოცულობენ ამ ბავშვებისთვის, რათა ღვთის სიყვარული და მფარველობა არ მოაკლდეთ. ჩვენ ვცხებთ მათ და ვთხოვთ უფალს, რომ სულიწმიდამ აღმართოს ცეცხლოვანი კედელი მათ გარშემო.

ხანდახან საკუთარ თავს ვეკითხები: ამ ძვირფას ბავშვთაგან რამდენი აღმოჩნდება ეშმაკის ხელთ, რამდენი გაიკეთებს ნარკოტიკებს, ჩაიდენს დანაშაულს, რადგან, შესაძლოა, მათი მამები და დედები დაუდევრად ეკიდებიან საკუთარ ოჯახში არსებულ სულიერ გარემოს, რადგან მშობლები საკუთარი პრობლემებით არიან დაკავებულნი და სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და სათანადოდ არ ზრდიან შვილებს?
იტანჯებით იმის გამო, რომ თქვენი ზრდასრული ვაჟი ან ქალიშვილი ღმერთს აღარ ემსახურება, ან, შესაძლოა, გული გაქვთ გატეხილი, რადგან თქვენი შვილი ნარკოტიკებს ან ალკოჰოლს მიეჩვია. ხედავთ, რომ თქვენი სათუთი პატარა ბოროტ და გზააბნეულ პიროვნებად იზრდება.

ეს სიტყვები თქვენს განკითხვას არ ისახავს მიზნად. არავის შეუძლია წარსულში დაბრუნება, მაგრამ ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორც მშობელმა: ნამდვილად იცავდით თქვენს ოჯახს? ყოველდღიურად აფარებდით ლოცვის საფარველს თქვენს შვილებს? თუ მეტისმეტად დაკავებულნი იყავით?

ეს ყველაფერი წარსულშია ახლა, მაგრამ მაინც არის რაღაც, რის გაკეთებაც შეგიძლიათ: განაგრძეთ გულმოდგინე ლოცვა თქვენი შვილის ხსნისათვის. ილოცეთ დღეს ისე, როგორც არასოდეს გილოციათ. ჯერ კიდევ შეგიძლიათ, ეძიოთ ღვთის სახე და სთხოვოთ მას, რომ სულიწმიდამ მოიყვანოს თქვენი შვილი უფლის ჯვრის წინაშე.

დევიდ უილკერსონი


ამავე კატეგორიის