„მოიშორეთ ყველა აპლიკაცია, რომელიც მონად გაქცევთ“

by ნინო ხუროშვილი
325 ნახვა

თეოლოგი ჯონ ფაიფერი ამტკიცებს, რომ უფალ იესოს მცნება: „თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე და გადააგდე“, შეიძლება გამოვიყენოთ იმ ადამიანებთან მიმართებით, რომლებიც ცდილობენ, გათავისუფლდნენ სხვადასხვა თამაშსა და გართობაზე დამოკიდებულებისგან.

ფაიფერი, თავისი პოდკასტის მეშვეობით, გამოეხმაურა მსმენელს, რომელმაც თქვა, რომ ვერ ამარცხებდა თავის დამოკიდებულებას ვიდეოთამაშების მიმართ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ხანმოკლე ემოციები ვერც კი შეედრება იმ სიხარულს, რაც შეიძლება ღმერთთან ახლო ურთიერთობაში იპოვოს ადამიანმა“, – ამბობს მსმენელი. – „შემიძლია, სამი საათის განმავლობაში ვთამაშობდე ვიდეოთამაშს და მაინც სიცარიელეს და დაუკმაყოფილებლობას ვგრძნობდე, მაგრამ მომდევნო დღეს გართობის სურვილი ისევ მიახლდება და ეს საშინელ, ჩაკეტილ წრედ იქცევა. მინდა, სულიერად გავიზარდო. არ მინდა, წვრილმანებზე გავფლანგო ჩემი ცხოვრება.“

ხუცესმა ჯონ ფაიფერმა საუბარი დაიწყო იმით, რომ ამ ადამიანს შეუძლია, შეწყვიტოს ვიდეოთამაშების თამაში. „ამ თამაშზე მიჯაჭვული არ ხართ“, – განმარტა მან, – „შეგიძლიათ, გაჩერდეთ. შეგიძლიათ, თავი დაანებოთ მას. რა თქმა უნდა, მილიონი დოლარი რომ შემოეთავაზებინათ, ან სერიოზული საფრთხე რომ გეგრძნოთ, ადვილად შეძლებდით ამაზე უარის თქმას.“

შემდეგ ფაიფერი ამბობს, რომ მსმენელი დარწმუნებული არ არის იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა გასართობი ვერც კი შეედრება ღმერთთან ურთიერთობას. „არა, თქვენ სინამდვილეში არ ხართ დარწმუნებული. თქვენ ამბობთ, რომ ეს ასეა, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია“, – თქვა მან და ბოლოს უფალ იესოს სიტყვები დაამატა: „მათი ნაყოფებით იცნობთ მათ.“

„მთავარი, რასაც უფალი იესო გულისხმობდა, ისაა, რომ ადამიანები ბევრს ლაპარაკობენ, ბევრს ფიქრობენ, ბევრს გრძნობენ, მაგრამ მხოლოდ ნაყოფს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.“

ფაიფერის თქმით: „ვიდეოთამაშები თქვენი ნებისყოფის მბრძანებელი ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მათ ფერხთით სხდებით და მონასავით ასრულებთ მათ ბრძანებას.“

ხუცესმა უფალ იესოს სიტყვები მოიშველია ამასთან დაკავშირებით: მათე 5:28-29: „თუ გაცდუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს. თუ შენი მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს.“

„აი, ჩემი რჩევა“, – დასძინა მან ბოლოს. – „ამოითხარეთ თვალი და მოიკვეთეთ ხელი, ანუ მოიშორეთ ყველა აპლიკაცია, რომელიც გითრევთ და მონად გაქცევთ. უბრალოდ, წაშალეთ ისინი თქვენი ტელეფონიდან.“

2018 წელს ჯგუფ „Nielsen“-ის კვლევის თანახმად, ზრდასრულები დღეში 11 სთ-ზე მეტს ხარჯავენ მედიასაშუალებების ყურებაზე, კითხვასა თუ მოსმენაზე. ხუთი წლის წინ ეს დრო 9 საათსა და 32 წუთს შეადგენდა.

ჯონ ფაიფერი


ამავე კატეგორიის