მტკიცედ თქვით უარი ჭორების მოსმენაზე

827 ნახვა

ადამიანი მაშინ ჭორაობს, როცა სხვა ადამიანს გადასცემს ინფორმაციას ამა თუ იმ პრობლემის შესახებ, რომელთანაც არც კავშირშია და არც მისი გადაჭრის გზა იცის. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამბების მიტან-მოტანა არ არის კარგი საქციელი, მაგრამ როცა საკუთარი ეკლესიის დაცვა გსურთ, მაშინ მათ მოსმენაზეც კი უნდა თქვათ უარი. ჭორების მოსმენა იგივეა, რაც ნაქურდალის საჩუქრად მიღება: თქვენ ავტომატურად ხდებით დანაშაულის თანამონაწილე.

როცა ვინმე ჭორაობას იწყებს, მოიკრიბეთ მხნეობა და უთხარით: “გთხოვ, შეწყვიტე. მე სულაც არ მჭირდება ამის ცოდნა. შენ ჯერ არ გისაუბრია ამ ადამიანთან პირისპირ?” ის, ვისაც თქვენთან ჭორები მოაქვს, ასევე ადვილად იჭორავებს თქვენ შესახებაც. მისი ნდობა არ შეიძლება. იმ ადამიანებს, კი ვინც ჭორებს უსმენენ, ღმერთი ცბიერ ბოროტმოქმედებს უწოდებს.

ბოროტმოქმედი უსამართლოს ბაგეს უსმენს, ცრუ ადამიანი დამანგრეველ ენას უგდებს ყურს.

იგავები 17:4

უკუღმართი კაცი განხეთქილებას თესავს, ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს.

იგავები 16:28

იდავე მოყვასთან შენს საქმეზე, მაგრამ სხვის საიდუმლოს ნუ გაამჟღავნებ.

იგავები 25:9

შეშის გარეშე ცეცხლი ჩაქრება, ჭორიკანას გარეშე დავა ჩაცხრება.

იგავები 26:20

ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ღვთის სამწყსოს ყველაზე ღრმა ჭრილობებს, უფრო ხშირად, მგლები კი არა, თავად კრავები აყენებენ. პავლე გვაფრთხილებს კაციჭამია ქრისტიანების შესახებ, რომლებიც “ჭამენ ერთმანეთს” და ანგრევენ ურთიერთობებს (გალ. 5:15), ბიბლიაში ნათქვამია, რომ ასეთ ადამიანებს უნდა ვერიდოთ.

საიდუმლოს გამამხელელი ცილისმწამებელია და პირმორღვეულებში ნუ გაერევი.

იგავები 20:19

ჭორიკანების სიყვარულით მხილება და ამ საქმის შეწყვეტის მოთხოვნა არის ეკლესიაში წარმოშობილი კონფლიქტის მოგვარების უმოკლესი გზა. როგორც სოლომონმა თქვა:

შეშის გარეშე ცეცხლი ჩაქრება, ჭორიკანას გარეშე დავა ჩაცხრება.

იგავები 26:20

ადამიანს, კონფლიქტის წარმოშობისთანავე, უჩნდება სურვილი, ვინმე მესამეს შესჩივლოს, იმის მაგივრად, რომ მოიკრიბოს მხნეობა და სიყვარულით აუწყოს პირისპირ თავისი შეხედულება ადამიანს, რომელმაც, მისი აზრით, აწყენინა. ასეთ შემთხვევაში კი სიტუაცია მხოლოდ უარესდება.

პირველი ნაბიჯი არის პირისპირ საუბარი და ეს რაც უფრო სწრაფად მოხდება, მით უკეთესი. თუ ვერ ხერხდება წარმოქმნილი უთანხმოების გადაჭრა ორ ადამიანს შორის, უნდა მოიყვანოთ რამდენიმე მოწმე, რომლებიც დაადასტურებენ პრობლემის არსებობას და შერიგებაში დაგეხმარებიან.

რა მოხდება, თუ თქვენი მეტოქე გაჯიუტება და არ მოინდომებს რაიმეს შეცვლას? იესომ დაგვარიგა, რომ ასეთ შემთხვევაში ეკლესიას ვაცნობოთ ყველაფერი, ხოლო თუ მაშინაც არაფერს შეისმენს, მაშინ ისე უნდა მოვეპყროთ, როგორც ურწმუნოს.

თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი ან მებაჟე.

მათეს სახარება 18:17

სატანას გადაეცეს ასეთი კაცი ხორცის დასაღუპად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის, იესოს დღეს.

1 კორინთელთა 5:5

ყოველთვის, როდესაც კონფლიქტურ სიტუაციებთან გვიწევს გამკლავება, არ უნდა ვცადოთ მისი მოგვარება საკუთარი ძალებითა და შეხედულებებით, არამედ მივმართოთ ბიბლიურ შეგონებებს და ღვთიურ პრინციპებს, რომელიც პრობლემის აღმოფხვრის ყველაზე მოკლე, გონივრული და მარტივი გზაა.

რიკ უორენი


ამავე კატეგორიის