მადლობდეთ მამას, რომელმაც წმინდანთა მემკვიდრეობის მონაწილეობის ღირსი გაგვხადა ნათელში, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში, რომელშიც გვაქვს მისი სისხლით გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება.
მოციქულ პავლეს ლოცვა მაგალითია მორწმუნეებისათვის. მისი ლოცვების მსგავსად, ჩვენი ლოცვებიც, შუამდგომლობასთან ერთად, ქებასაც უნდა მოიცავდეს.
ფილიპელებს ის სწერდა:
არაფერზე იდარდოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს.
ტიმოთეს კი შეაგონებდა, რომ აღევლინათ:
…ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისათვის.
მოგვიანებით მოციქული პავლე კოლასელებს არიგებდა:
იბეჯითეთ ლოცვაში და ფხიზლად იყავით მასში მადლიერებით.
პავლე მუდმივად მადლიერებას გამოხატავდა თავის ლოცვებში (შდრ. საქმ. 27:35; რომაელთა 1:8; 1-ლი ტიმოთე 1:12).
ლოცვისას მადლიერების გამოხატვა ქრისტეს მორწმუნეებისათვის ხშირად მეორე პლანზე გადადის. ღმერთისადმი ჩვენი მიდგომა ხშირად წურბელას ასულების საქციელს ჰგავს: „მომეცი, მომეცი“ (იგავები 30:15).
სათხოვრებში სწრაფნი ვართ, ხოლო მადლიერებაში პირიქით. არ ვემადლიერებით ღმერთს თავისი პასუხებისათვის. იმის გამო, რომ ღმერთი ხშირად გვპასუხობს ლოცვებზე, მოლოდინი გვაქვს, რომ ყოველთვის ასეც უნდა იყოს. გვავიწყდება, რომ მხოლოდ მისი მადლით ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ მისგან. ბიბლია გამუდმებით ხაზს უსვამს მადლიერების მნიშვნელობას:
მადლობა შესწირე ღმერთს
დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ. შესწირონ შესაწირავები ქებისა და ილაპარაკონ მის საქმეებზე გალობით!
კარგია, ვადიდოთ უფალი, და ვუგალობოთ შენს სახელს, უზენაესო!
მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისათვის ღმერთს და მამას ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით.
და ყოველივე, რასაც თქვენ აკეთებთ სიტყვით თუ საქმით, ყოველივე გააკეთეთ უფალ იესოს სახელით და მის მიერ მადლობდეთ მამა ღმერთს.
მაშ, მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს.
მადლიერებით უნდა იყოს გაჟღენთილი ჩვენი საუბარი, საგალობლები და ლოცვები. ჩვენმა უფალმა იცოდა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ლოცვას. სწორედ ამიტომაც ამბობდა:
გადიდებ შენ, მამაო, უფალო ცისა და მიწისაო, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და განუცხადე ჩვილებს.
მანამ, სანამ ხუთი ათას კაცს დააპურებდა, იესომ
აიღო პურები… მადლი შესწირა და ჩამოურიგა მოწაფეებს, მოწაფეებმა კი იქ მსხდომთ…
იესომ თვალები მაღლა აღაპყრო და თქვა: ‘მამაო, გმადლობ, რომ მისმინე’.
გამოცხადების წიგნში დაწერილია, რომ ანგელოზებიც მადლობას სწირავენ ღმერთს:
ყველა ანგელოზი იდგა ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ. და პირქვე დაემხნენ ტახტის წინაშე და თაყვანი სცეს ღმერთს. ამბობდნენ: ‘ამინ! კურთხევა, დიდება, სიბრძნე, მადლობა, პატივი, ძალა და სიმაგრე ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე. ამინ!’
დავითი (მე-2 მეფეთა 22:50; ფსალმუნი 27:7), ლევიანები (1-ლი ნეშტთა 16:4; ნეემია 12:24), ასაფი და მისი ძმები (1-ლი ნეშტთა 16:7), დანიელი (დანიელი 6:10); ასევე მღვდლები, ლევიანები და ასაფის შთამომავლები (ეზრა 3:10-11) მადლობას სწირავდნენ ღმერთს.
ამ დადებითი მაგალითების გარდა ბიბლია გვასწავლის, რომ უმადურობა, მადლიერების არარსებობა ბოროტ ადამიანთა მახასიათებელია. ურწმუნოთა მიმართ წაყენებული ერთ-ერთი ბრალი ისაა, რომ
…შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული.
ბოროტეულთ ახასიათებთ უმადურობა (ლუკა 6:35; მე-2 ტიმოთე 3:2). წმინდა წერილი შეგვაგონებს იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთს ბევრი რამის გამო უნდა ვწირავდეთ მადლობას. ჩვენ უნდა ვემადლიერებოდეთ იმის გამო, თუ ვინ არის იგი. 29-ე ფსალმუნში დაწერილია: „უგალობეთ უფალს, მისნო წმინდებო, ადიდეთ ხსენება მისი სიწმინდისა“ (ფსალმუნი 29:4; შდრ. ფსალმუნი 96:12).
ჩვენ იმისთვისაც უნდა ვმადლობდეთ ღმერთს, რომ ის ახლოსაა ჩვენთან.
გადიდებთ შენ, ღმერთო, გადიდებთ, ახლოსაა შენი სახელი.
პავლე მოციქული ემადლიერება ღმერთს თავისი ხსნისათვის, იმისათვის, რომ მისცა შესაძლებლობა მისი მსახურებისა:
ვემადლიერები მას, ვინც ძალა მომცა − ჩვენს უფალს, ქრისტე იესოს, რომელმაც სარწმუნოდ მიმიჩნია და განმაწესა მსახურებად. მე, რომელიც უწინ მგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი ვიყავი, მაგრამ შეწყალებულ ვიქენი, ვინაიდან უმეცარი ვიყავი და ვიქცეოდი ურწმუნოებით.
ის სხვების სულიერი ზრდისთვისაც მადლობს ღმერთს:
ვალდებულნი ვართ, ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, ძმებო, როგორც შეჰფერის, რადგან უაღრესად იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთმანეთის მიმართ.
საკვებისთვისაც კი უნდა ვემადლიერებოდეთ ღმერთს (1-ლი ტიმოთე 4:3-4).
1-ლი თესალონიკელთა 5:18-ში მოცემულია ერთგვარი შეჯამება ყოველივე ზემოთქმულისა:
მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, ვინაიდან ეს არის თქვენ მიმართ ღვთის ნება ქრისტე იესოში.
ქრისტიანები ყველაზე მეტად მადლიერნი ქრისტეს მიერ აღსრულებული საქმის გამო უნდა იყვნენ. მოციქული პავლე აღტაცებით შესძახის:
მადლობა ღმერთს მისი აურაცხელი ნიჭისათვის.
ის მადლიერი იყო იმისათვის, რაც ქრისტეს მიერ აღსრულებულმა საქმემ მოგვიტანა, ანუ ხსნისათვის (შდრ. 1-ლი კორინთელთა 1:4). ამის შესახებ იგი კოლასელთა 1:12-14-შიც გვიწერს.