„რატომ უშვებს ღმერთი ავადმყოფობას და ტრაგედიას ქრისტიანებზე?“

by თამუნა ბაღდავაძე
2.3K ნახვა

შევეცდები, ვუპასუხო დასმულ შეკითხვას ჩემ წინაშე გადაშლილი ბიბლიით, მაგრამ ვიდრე ამას ვიზამ, მინდა გითხრათ, რომ ცოტა ვღელავ, რადგან ერთია, დაეხმარო ადამიანებს, მოემზადონ ტანჯვისთვის, ტანჯვის შესახებ ბიბლიური სწავლების გააზრებით, და სულ სხვა რამ არის ამ ღვთისმეტყველების განხორციელება – ფიზიკურად და ემოციურად – იმ მომენტში, როდესაც ვინმე იტანჯება. ახლა ათასობით ადამიანი კვდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასიათასობით ადამიანი გლოვობს და ის, რის თქმასაც ვაპირებ, შესაძლოა, ზოგიერთი მათგანისთვის არადროული იყოს…

არაფერია იესოზე ძლიერი

ასეთი შესავლის შემდეგ, ნება მომეცით, გავიაზრო ის, რის გაკეთებაც მთხოვეს: გავარკვიო ეს სიტუაცია ამ მომაკვდინებელი ვირუსის ირგვლივ. მოდით, დავიწყოთ ემპირიულ-ისტორიული ფაქტითა და ნათელი ბიბლიური ფაქტით. ემპირიული ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ უფლის დღეს, კვირა დღეს, 2004 წლის 26 დეკემბერს, ინდოეთის ოკეანეში ცუნამის შედეგად დაიღუპა 200 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის მთელი ეკლესიები, რომლებიც უფლის დღეს თაყვანის საცემად შეიკრიბნენ, ისინი წყალმა წალეკა. და ეს ისტორიულად დადგენილი ფაქტია. მსგავსი რამეები ხდებოდა ქრისტიანების თავს მთელი მათი არსებობის განმავლობაში. ახლა კი ბიბლიური ფაქტი მარკოზის სახარებიდან 4:41: „ქარი და ზღვაც ემორჩილება [იესოს]“. დღეს ეს ისევე ნამდვილია, როგორც მაშინ იყო, რადგან „იესო ქრისტე გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა“. (ებრაელთა 13:8).

ამრიგად, გააერთიანეთ ეს ორი ფაქტი – ისტორიული და ბიბლიური – და თქვენ მიიღებთ შემდეგ ჭეშმარიტებას: იესოს შეეძლო, შეეჩერებინა სტიქიური უბედურება 2004 წელს, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. და რადგანაც ის ყოველთვის აკეთებს იმას, რაც ბრძნულია და სწორი, სამართლიანია და კარგი, მაშასადამე, მას ჰქონდა ბრძნული და კეთილი მიზნები იმ მომაკვდინებელ კატასტროფაში. ამიტომ იმავეს ვიტყოდი კორონავირუსზეც. იესო ფლობს ყველანაირ ცოდნასა და ძალაუფლებას ამ სამყაროს ბუნებრივ და ზებუნებრივ ძალებზე. მან ზუსტად იცის, სად გაჩნდა ვირუსი და სად გავრცელდება ის. მას აქვს სრული ძალაუფლება, შეაჩეროს ის, ან არ შეაჩეროს. არც ცოდვა, არც სატანა, არც დაავადება, არც არანაირი საბოტაჟი არ არის იესოზე ძლიერი. შეუძლებელია მისი კუთხეში მიმწყვდევა; შეუძლებელია, აიძულო იგი, აიტანოს ის, რაც არ სურს.

აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად და თაობიდან თაობამდე – ზრახვანი მისი გულისა.

ფსალმუნი 32:11

ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია, – ამბობს იობი თავის მონანიებაში, – და ვერაფერი დააბრკოლებს შენს განზრახვას.

იობის 42:2

ამიტომ კითხვა ის კი არაა, იესო აკონტროლებს თუ არა, ზღუდავს თუ არა, მართავს თუ არა მსოფლიოს ყველა უბედურებასა და ავადმყოფობას, მათი ცოდვილი და სატანისტური განზომილებების ჩათვლით; კი, ის აკეთებს ამ ყველაფერს. კითხვა ის გახლავთ, თუ როგორ აღვიქვათ ეს ჩვენ წინაშე გადაშლილი ბიბლიით? შეგვიძლია კი ჩავწვდეთ ყველაფერ ამას?

აი, ოთხი ბიბლიური რეალობა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც სამშენებლო ბლოკები, რათა გავიგოთ და გავიაზროთ ეს ყოველივე. 

1. ამაოებას დამორჩილებულნი

როდესაც ცოდვა სამყაროში შემოვიდა ადამისა და ევას მეშვეობით, ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა, რომ შექმნილი წესრიგი, ჩვენი გარეგნობის ჩათვლით (ანუ ფიზიკური სხეულები, რომლებიც მის ხატად და მსგავსად შეიქმნა), განიცდიდნენ ხრწნილებას და ამაოებას, და რომ ყველა ცოცხალი არსება ერთ დღეს მოკვდება. ქრისტიანები, რომლებიც ღვთის მადლით, სახარების მეშვეობით არიან დახსნილები, ვერ გაექცნენ ამ ფიზიკურ ხრწნილებას, ამაოებასა და სიკვდილს. ამ პუნქტის საფუძველი გახლავთ რომაელთა 8:20-23: „რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ თავისი დამმორჩილებლის მიერ, სასოებით, რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის. ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე, და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით გულში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულის გამოსყიდვას.“

მოვა დღე, როდესაც მთელი ქმნილება გათავისუფლდება ავადმყოფობის, უბედურებისა და სიკვდილის მონობისგან და მემკვიდრეობით მიიღებს ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებას. მანამდე კი ქრისტიანები, – როგორც პავლე მოციქულმა თქვა: „ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს,“– კვნესიან მთელ ქმნილებასთან ერთად და განიცდიან თავიანთ თავზე ხრწნილებას, ამაოებასა და ავადმყოფობას, ასევე უბედურებასა და სიკვდილს; ვიდრე ველოდებით კვნესით ჩვენი სხეულების გამოსყიდვას, რაც მოხდება კიდეც აღდგომისას.

რაც ქრისტეზე მინდობილ ქრისტიანებს განასხვავებს სხვა ადამიანებისგან, არის ის, რომ ჩვენი ამ ხრწნილების განცდა არ წარმოადგენს მსჯავრს. როგორც რომაელთა 8:1-ში წერია: „ამიტომ, ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე.“ ტკივილი ჩვენთვის განმწმენდი ტკივილია და არა დამსჯელი. „რადგან ღმერთმა რისხვისთვის კი არ დაგვადგინა“ (1-ლი თესალონიკელთა 5:9). ჩვენ ისევე ვიხოცებით ავადმყოფობებისგან, როგორც სხვა ადამიანები, არა აუცილებლად რაიმე ცოდვის გამო და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიხოცებით ავადმყოფობებისგან ისევე, როგორც სხვა ადამიანები, კაცობრიობის ცოდვით დაცემის გამო. მაგრამ მათთვის, ვინც ქრისტეშია, სულის დამღუპველი სიკვდილის ნესტარი მოშორებულია (1-ლი კორინთელთა 15:55). ეს არის სამშენებლო ბლოკი N1 იმის გასაგებად, რაც ხდება.

2. ავადმყოფობა, როგორც წყალობა

ხანდახან ღმერთი გზავნის ავადმყოფობას თავის ხალხზე განმწმენდი და მხსნელი სასჯელის სახით, რომელიც არ არის მისჯილი სასჯელი, არამედ წარმოადგენს წყალობის აქტს ღვთის მხსნელ მიზნებში. და ეს პუნქტი დაფუძნებულია კორინთელთა მიმართ I წერილის 11:29-32 მუხლებზე. ამ მონაკვეთში საუბარია უფლის სერობის უღირსად მიღებაზე, მაგრამ პრინციპი გაცილებით უფრო ფართოა. აი, მონაკვეთიც: „ვინაიდან, ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისი თავის დაგმობას ჭამს და სვამს, ვერ შეუცნია რა უფლის სხეული. ამის გამო ბევრია თქვენ შორის უძლური და ავადმყოფი, და ბევრს სძინავს. თვითონვე რომ განვიკითხავდეთ ჩვენს თავს, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდადებულნი. ხოლო მსჯავრდადებულნი, უფლის მიერ ვიწვრთნებით, რათა წუთისოფელთან ერთად არ ვიყოთ მსჯავრდადებულნი.“

ამრიგად, დაიმახსოვრეთ ეს. უფალ იესოს მიაქვს თავისი შვილების სიცოცხლე და მიჰყავს ისინი თავისთან ზეცაში ავადმყოფობათა და უძლურებათა მეშვეობით. სხვათა შორის, ზუსტად იგივე სიტყვები არის გამოყენებული იმ ავადმყოფობათა და უძლურებათა აღსაწერად, რომელთაც იესო კურნავდა თავისი დედამიწაზე ცხოვრების დროს (მათეს 4:23, 8:17, 14:14). უფალს მიჰყავს ისინი ზეცაში მათი ცოდვის ტრაექტორიის გამო, რომელიც მან გადაჭრა და ამრიგად იხსნა ისინი. არა იმისათვის, რომ დასაჯოს, არამედ იმისათის, რომ იხსნას.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზოგიერთი ჩვენგანი ვკვდებით ავადმყოფობებით, „რათა წუთისოფელთან ერთად არ ვიყოთ მსჯავრდადებულნი“ (32-ე მუხლი). თუ უფალმა ეს კორინთოში  თავისი რამდენიმე შვილისთვის გააკეთა, მას ამის გაკეთება სხვა შვილებისთვისაც შეუძლია, მათ შორის კორონავირუსის მეშვეობითაც. და არა მხოლოდ უფლის სერობის ბოროტად გამოყენებისთვის, არამედ სხვა სახის ცოდვილ ტრაექტორიათა გამოც, თუმცა ყველა სიკვდილი არ არის დაკავშირებული ინდივიდუალურ ცოდვასთან. ეს არის სამშენებლო ბლოკი N2.

3. ავადმყოფობა, როგორც ღვთის სასჯელი

ხანდახან ღმერთი იყენებს ავადმყოფობას, რათა გაასამართლოს ისინი, ვინც მას უარყოფს და ცოდვას ემონება. მე ორ მაგალითს მოვიყვან. მოციქულთა საქმეების მე-12 თავში ნათქვამია, რომ მეფე ჰეროდემ თავი აიმაღლა ღმერთის დონემდე.

მაგრამ მოულოდნელად უფლის ანგელოზმა დასცა იგი, ვინაიდან დიდება არ მიაგო ღმერთს, და მატლებისგან შეჭმულს სული ამოხდა.

საქმეების 12:23

ღმერთს შეუძლია, იგივე გაუკეთოს ნებისმიერს, ვინც თავს იმაღლებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გვიკვირდეს, რატომ არ ეცემა სულამოხდილი ძირს მიწიერ ხელისუფალთა უმეტესობა ღვთისა და ხალხისადმი თავიანთი ქედმაღლობის გამო. ეს საყოველთაო მადლი და გულმოწყალებაა ღვთისა.

მეორე მაგალითს წარმოადგენს ჰომოსექსუალური ურთიერთობების ცოდვა. რომაელთა მიმართ წერილში 1:27-ში ნათქვამია: „ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთმანეთის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის.“ და ღვთის რისხვის კიდევ ერთი მაგალითი რომაელთა 1:18, სადაც წერია: „ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღვთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უსამართლობაზე, უსამართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას.“ ეს არის სამშენებლო ბლოკი N3. ღმერთს შეუძლია გამოიყენოს და იყენებს ავადმყოფობას, რომ ხანდახან მსჯავრი დაადოს და გაასამართლოს ისინი, ვინც უარყოფენ მას და მის მიერ მოცემულ გზას.

4. ქუხილის ხმა ღმერთისგან

ყველა სტიქიური უბედურება – იქნება ეს წყალდიდობა, კალია, ცუნამი თუ სხვადასხვა სახის ავადმყოფობა – ღვთის წყალობის დაქუხებას ჰგავს შუა სამსჯავროს დროს, რომელიც მოუწოდებს ყველა ადამიანს, მოინანიოს და მადლის მეშვეობით, თავისი ცხოვრება ღვთის უძვირფასეს დიდებას შეუსაბამოს. ამ სამშენებლო ბლოკის საფუძველს ლუკას სახარების 13:1-5-ში მოყვანილი მონაკვეთი წარმოადგენს. პილატემ ტაძარში მორწმუნეები დახოცა; ხოლო შილოახის კოშკი დაეცა და ამოწყვიტა თვრამეტი ადამიანი. ზუსტად ისევე, როგორც მე მეკითხებიან, ხალხს სურს, გაიგოს იესოსგან ყოველივე ამის მიზეზი: „მიდი, აგვიხსენი ეს, იესო. გვითხარი, რას ფიქრობ ამ სტიქიურ უბედურებებსა და სისასტიკეზე. ეს ადამიანები უბრალოდ იქ იდგნენ, ახლა კი დახოცილები არიან.“

იესოს პასუხი კი ლუკას სახარების 13:4-5-შია მოცემული: „ან რა გგონიათ, ის თვრამეტი კაცი, რომელთაც შილოახის კოშკი დაეცა ზედ და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე ყველა ის ადამიანი, იერუსალიმში რომ ცხოვრობს? არა, გეუბნებით თქვენ;  მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით!“

დღეს, კორონავირუსის დროს, იესოს გზავნილი მსოფლიოსადმი, თითოეული ადამიანისადმი, ისტორიის ამ კონკრეტულ მომენტში ასეთია: მე, შენ, ჩვენ ყველანი და ყველა ხელისუფალი დედამიწაზე, ყველა, ვინც ისმენს ამას, იღებს მქუხარე გზავნილს ღმერთისგან, რომელიც ღაღადებს: „მოინანიეთ“. მოინანიეთ და ეძიეთ ღვთის წყალობა და თქვენი ცხოვრება ღვთის უსაზღვრო ფასეულობებს შეუსაბამეთ.

ჯონ ფაიფერი


ამავე კატეგორიის