„როგორ გამზადებთ ღმერთი ცვლილებისთვის?“

by მათე თხელიძე
501 ნახვა

იმისათვის, რომ ღმერთთან ერთად წინ წავიდეთ, მზად უნდა ვიყოთ ცვლილებებისთვის. უფალი აცხადებს:

ნუ გაიხსენებთ წარსულს, გასულ დღეებზე ნუ იფიქრებთ. აჰა, მე ვქმნი ახალს, ახლა აღმოცენდება, განა ვერ შეიტყობთ ამას? უდაბნოში გზას გავიყვან, ხრიოკზე მდინარეებს ვადენ.

ესაია 43:18-19

ხშირად მომზადების ეტაპია საჭირო იმისთვის, რომ ღმერთმა ახალ საფეხურზე გადაგვიყვანოს. ეს აუცილებელია, რათა ხელი გავუშვათ იმას, რაც ღმერთმა უკვე გააკეთა ჩვენთვის და გადავდგათ ის ნაბიჯი, რომელსაც უფალი მოელის ჩვენგან.

ცვლილება, რომლის განხორციელებასაც ღმერთი იწყებს, ადვილი როდია. სამაგიეროდ, ის ყოველთვის სასარგებლოა იმისათვის, რომ ვიზარდოთ და მოწიფულობას მივაღწიოთ. ხშირად ცვლილებას ვეწინააღმდეგებით, რადგან ის ჩვენს კომფორტს უქმნის საფრთხეს. სწორედ ამიტომ მრავალს აწუხებს კითხვა: „რატომაა რთული ცვლილების მოხდენა?“

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ჩვევები და როგორც კი გარკვეული ცხოვრების წესი ჩამოგვიყალიბდება ამ ჩვევების გავლენით, გვიჭირს მათი შეცვლა. მაგრამ თუ გვსურს, ჩვენს ცხოვრებაში აღსრულდეს ის, რაც ღმერთმა განიზრახა ჩვენთვის, მზად უნდა ვიყოთ და უნდა გვინდოდეს ჩვენი კომფორტის ზონის დატოვება, რათა მივდიოთ სულიწმიდის მიერ ნაჩვენებ გზას. ეს გზა ხშირად უდაბნოზე გადის, როგორც მას ბიბლია მოიხსენიებს. სწორედ უდაბნოში აღმოაცენებს ღმერთი ახალ სიცოცხლეს.

1980-იანი წლების ბოლოს ახალგაზრდული მსახურების ხელმძღვანელი ვიყავი ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოს ერთ დიდ ეკლესიაში. ეს იყო ჩემი პირველი ნამდვილი სწავლებითი მსახურება. რამდენიმე წლის შემდეგ სულიწმიდამ მითხრა, რომ ცვლილება უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში: „შენ აღარ იქნები ამ მსახურების ხელმძღვანელი. მე გაგგზავნი სხვადასხვა ქალაქში, ეკლესიასა და კონფერენციაზე ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროდან მოყოლებული დასავლეთ სანაპიროსკენ; კანადის საზღვრიდან მექსიკის საზღვრამდე; ალიასკამდე და ჰავაიმდე…“

ლიზას ვუთხარი, რაც მითხრა სულიწმიდამ და ორივემ გულში ჩავიმარხეთ ეს ისე, რომ არავისთვის გვითქვამს ამის შესახებ, გარდა ერთი მეგობარი ხუცესისა, რომელიც სხვა შტატში ცხოვრობდა. ღმერთმა თქვა, რომ ის ამას მოიმოქმედებდა და ვიცოდი, რომ თუ ეს სიტყვები ნამდვილად მან მითხრა, ღმერთს ჩემი დახმარება არ დასჭირდებოდა ამ ცვლილების განსახორციელებლად.

ერთი წლის განმავლობაში არაფერი მომხდარა. სანამ ვიცდიდი, უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებდი ლოცვაში, უფრო მეტს, ვიდრე მანამდე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ლოცვა მშრალი იყო და სულიერად მიჭირდა. გარდა ამისა, ხუნდებოდა ხედვა, რომელიც თავდაპირველად მქონდა ახალგაზრდულ მსახურებასთან დაკავშირებით. ამას ემატებოდა გარეგანი და შინაგანი განსაცდელებიც, რომელთა მსგავსიც მანამ არ გამოგვიცდია. ნელ-ნელა დავიწყე ყველა ცოდვის აღიარება, რაც მახსენდებოდა, რადგან ვფიქრობდი, რომ შესაძლოა, რაღაც დამალული ცოდვა იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მაინც ვერ ვგრძნობდი შვებას, მაინც „მშრალი“ იყო ყველაფერი ჩემ ირგვლივ.

ერთ დღესაც უფალმა მითხრა: „შენ ამ უდაბნოში იმიტომ კი არ ხარ, რომ შესცოდე! მე შენ მომავალი ცვლილებისათვის გამზადებ.“ ღმერთი ჩემში იმ ხასიათს აყალიბებდა, რომელიც მე მსახურების მომდევნო ეტაპზე პასუხისმგებლობის აღებისათვის დამჭირდებოდა. ის ასევე მამზადებდა იმისათვის, რომ ხელი გამეშვა აწმყოსთვის. ამრიგად, თუ ჩვენს ცხოვრებაში შესამჩნევი „შენჯღრევა“ არ იქნება, შეიძლება ხელიდან გავუშვათ ის ახალი რამ, რის გაკეთებაც ღმერთს სურს. საბოლოოდ, ღმერთმა განახორციელა დაპირებული ცვლილება. ახლა, როცა უკან ვიხედები, ვხედავ, რომ უფალი დაბადებისათვის ამზადებდა ჩვენს მსახურებას, რომელიც არა მხოლოდ ამერიკისათვის, არამედ ყველა ერისათვის იქნებოდა. 

ჯონ ბევირი


ამავე კატეგორიის