ყოველთვის, როდესაც იმედგაცრუებას და გულისწყრომას განვიცდიდი უფლის მიმართ, მალე ვრწმუნდებოდი, რომ ეს სწორედ იმის გამო მოხდა, რომ მე რაღაც არ ვიცოდი, ან სწორად ვერ გავიგე, რადგან ღმერთის გზები სრულყოფილია. დავრწმუნდი, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს უდიდესი სიბეჯითე, მაგრამ არასაკმარისი ცოდნა. გულმოდგინება და წყურვილი სიბრძნის გარეშე ყოველთვის უბედურებამდე მიგვიყვანს. გარდა ამისა, მე გავაცნობიერე, რომ ღვთის შემეცნების ძიება ჩემი პასუხისმგებლობაა…
როგორც კი დავითი ისრაელის მეფე გახდა, მან დაამარცხა ფილისტიმელნი და იერუსალიმი დაიპყრო. ამის შემდეგ მან მოისურვა, აღთქმის კიდობანი თავის კანონიერ ადგილას დაებრუნებინა: „და ეთათბირა დავითი წინამძღოლებს და ასისთავებს“ (1 ნეშტ. 13:1). მათგან მიიღო რჩევა, რომ ამის გადასაწყვეტად მთელი ისრაელი უნდა შეკრებილიყო… და თქვა მთელმა კრებულმა: „იყოს ასე“ (1 ნეშტ. 13:4). ისრაელიანებმა დაასვენეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და ურემს მმართველად ორი ადამიანი – ყუზა და ახიო მიუჩინეს.
1 ნეშტთა წიგნში ნათქვამია: „დავითი და მასთან მთელი ისრაელი როკავდა ღვთის წინაშე მთელი ძალით. მღეროდნენ და უკრავდნენ ქნარებს“, მაგრამ ნახეთ, რა მოხდა:
და როცა ნაქონის კალოსთან მივიდნენ, ხელი შეაშველა ყუზამ ღვთის კიდობანს, რადგან ურემი გადახარეს ხარებმა. და აღიგზნო უფლის რისხვა ყუზას მიმართ და იქვე დასცა იგი ღმერთმა ამ სითამამისთვის, და იქვე მოკვდა იგი ღვთის კიდობანთან. და შეწუხდა დავითი, რომ განგმირა უფალმა ყუზა.
საკვირველია! წინა ორი თაობის წარმომადგენელი კარვის შესასვლელთან მეძაობდა, სადაც კიდობანი ინახებოდა, მათი ღვთისადმი უპატივცემულობა უფრო დიდი იყო, ვიდრე იმ ადამიანისა, რომელმაც უბრალოდ ხელი გაიწოდა, რათა კიდობანი არ გადმოვარდნილიყო. ის ზნედაცემული მღვდლები ასე სწრაფად არ დასჯილან, როგორც ეს ადამიანი, სახელად ყუზა, რატომ? იმ დროს, როდესაც ყელის შვილები მეძაობდნენ, ღმერთის დიდება განშორდა ხალხს, ყუზას დროს კი უფლის დიდება დაბრუნდა. რაც უფრო ძლიერად გამოვლინდება ღმერთის დიდება, მით უფრო მკაცრი და სწრაფი იქნება სამსჯავრო უპატივცემულობის გამო.
დავითი გაბრაზებული იყო უფალზე, რადგან ვერც თვითონ და ვერც წინამძღოლნი ვერ ხვდებოდნენ, რა მოხდა. მან თავად შეარჩია ადამიანები, რომლებიც კიდობანს მიუძღოდნენ და აი, ერთ-ერთი მათგანი უფალმა სასიკვდილოდ დასცა. მეფის შეძრწუნება მალე გულისწყრომაში გადაიზარდა. ის ალბათ ფიქრობდა, რომ ღმერთმა არ მიიღო მისი მონდომება მსახურებაში.
და როცა თავის სამეფო ტახტზე დაჯდება, გადაიწეროს ეს რჯულის წიგნი ლევიანი მღვდლებისაგან. და თავისთან იქონიოს და იკითხოს მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს შიში უფლისა, თავისი ღმერთისა, რომ დაიცვას ამ რჯულის ყოველი სიტყვა და შეასრულოს მისი წესები.
როგორც ვხედავთ, მეფეს სიტყვა ყოველდღე უნდა წაეკითხა. რატომ? ღვთის სიბრძნე და მისდამი პატივისცემა მის გულში უნდა განმტკიცებულიყო. მეფეს ადამიანურ იდეებზე მეტად უფლის სიტყვა უნდა დაეფასებინა. ჩვენ ვიცით, რომ დავითმა მთელი ისრაელი შეკრიბა კიდობნის საკითხის გადასაწყვეტად, არსად არ არის ნახსენები ის, რომ ისინი პასუხს ღვთის სიტყვაში ეძებდნენ. ისინი ასე რომ მოქცეულიყვნენ, მაშინ მათთვის ცნობილი გახდებოდა, რომ კიდობნის ტარების უფლება მხოლოდ ლევიტელებს ჰქონდათ და თანაც მისი ურმით გადატანა არ შეიძლებოდა, რადგან ლევიანებს იგი საკუთარი მხრებით უნდა ეზიდათ (იხ. გამოსვ. 25:14; რიცხვ. 4:15 ; 7:9).
ისრაელიანებს უცოდინრობის გამო მოჰქონდათ ღმერთის თანდასწრება ისე, როგორც ამას ქვეყნიერება აკეთებდა. ფილისტიმელებმაც უცოდინრობის გამო დააბრუნეს კიდობანი ურმით, მაგრამ ისრაელს მიეცა ღვთიური გამოცხადება, ამიტომ მას პასუხისმგებლობაც ეკისრებოდა. ისინი ბეჯითად ცდილობდნენ, ეამებინათ უფლისთვის, მაგრამ ღვთის სიტყვის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ.
მაშინ, როცა უფალზე ვნაწყენდებით, ვბრაზობთ და მომხდარს ვერ ვარკვევთ, მივმართოთ უფლის სიტყვას, რომელიც სრულყოფილია, ცოცხალი და მოქმედი (ებრ. 4:12), რადგან დაწერილია:
უცოდინრობით იღუპება ჩემი ერი…