ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა.
განსაცდელები ყოველთვის წარმოაჩენს, წრფელია თუ არა ჩვენი რწმენა.
თავსხმა წვიმა მოდიოდა და სახლს წალეკვით ემუქრებოდა, მაგრამ სახლი კლდეზე იყო აშენებული და წყალი ვერც სახლს აკლებდა ვერაფერს და თავად სახლის პატრონიც სრულიად მშვიდად იყო. მას ესმოდა, როგორ ასხამდა წვიმა სახურავზე, თუმცა ისე მშვიდად იყო, სიმღერაც კი შეეძლო ასეთი განსაცდელისას.
შემდეგ წყალი ადიდდა. ნიაღვარს შეეძლო სახლისთვის საფუძველი გამოეთხარა, მაგრამ რადგან სახლი კლდეზე იყო აშენებული, ვერაფერი დააკლო. ძლიერი ქარის მიუხედავად, სახლის პატრონი უსაფრთხოდ გრძნობდა თავს და ბედნიერი იყო, რადგან სახლი კლდეზე აიშენა.
ქრისტიანიც მშვიდად არის ქრისტეში. მწუხარება და სხვადასხვა განსაცდელი ხვდება მას, მაგრამ ვერაფერს შეუძლია „მისთვის ძირის გამოთხრა“, პირიქით, სიძნელენი მის გულს უბიძგებს, რომ კიდევ უფრო მეტად გაუფრთხილდეს თავის იმედს; იმედს, რომელიც ეფუძნება ქრისტეს.
და მაშინ, როცა სიკვდილის – ამ საშინელი ნიაღვრის ჟამი დგება, მას შეუძლია ყოველი მოძრავის წალეკვა, მაგრამ არ ძალუძს გონიერი მშენებლის იმედის შერყევა. ის მშვიდად არის და დაიმედებულია იმ საქმეზე, რომელიც ქრისტემ მოიმოქმედა მისთვის და სიკვდილს არ შეუძლია მისთვის ამის წართმევა.
მაგრამ შეხედეთ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა თავისი იმედი. ის გაჭირვებით უძლებდა ყოველდღიურ განსაცდელებს. მერყეობდა და ახლა მას უფრო მძიმე განსაცდელები ელოდა.
ზოგიერთი თვალთმაქცი თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც კი ვერ ხვდება, რომ გზას აცდენილია, ვერ ხვდება მანამ, სანამ დაღუპვის პირას არ დადგება.
ძვირფასო მეგობარო, თუ შენ გზას ასცდი, გააცნობიერე შენი მდგომარეობა ახლა და არა მაშინ, როცა სიკვდილის დღე დაგიდგება.
დაე, ასეთი იყოს შენი ლოცვა: „უფალო, თუ ჩემს ცხოვრებაში ასეთი მდგომარეობაა, მაჩვენე ეს. თუ რწმენის აღსარება არ იყო სარწმუნო და სწორი, მომეცი ძალა, რათა ჩემი ცხოვრება ხსნის კლდეზე ავაშენო.“
ეძიე ჭეშმარიტი მხსნელი და არ დამშვიდდე მანამ, სანამ არ იპოვი მას, რადგან თუ დაიღუპები, საშინელი იქნება ეს დაღუპვა.