„სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება“

218 ნახვა

არც ერთ ებრაულ რიტუალში, ფორმალურშიც კი, ცოდვების მიტევება არ ხდებოდა სისხლის დაუღვრელად. არავითარ შემთხვევაში და არავითარი საშუალებით ცოდვა არ შეიძლება იქნეს მიტევებული გამოსყიდვის გარეშე. აქედან ცხადია, რომ ქრისტეს გარეთ ჩემთვის არ არსებობს იმედი, რამეთუ არ არის სხვა სისხლის დაღვრა, რომელიც ღირსეულად იქნებოდა მიჩნეული ცოდვის შენდობისათვის.

ამ შემთხვევაში, მწამს თუ არა მე მისი? ნამდვილად აქვს თუ არა მისი გამოსყიდვის სისხლს კავშირი ჩემს სულთან? ყველას ერთნაირად გვჭირდება ქრისტე. რაოდენ მაღალზნეობრივი, კეთილშობილი, კეთილი ან პატრიოტი ადამიანებიც არ უნდა ვიყოთ, წესი მაინც არ შეიცვლება; არ იქნება გამონაკლისი ჩვენთვის. ცოდვა ადგილს არ დაუთმობს იმაზე უფრო ნაკლებად ძლევამოსილს, ვიდრე სისხლი მისი, ვინც ღმერთმა შენდობის მსხვერპლად აქცია ჩვენი ცოდვებისათვის. რაოდენი კურთხევაა, რომ არსებობს მიტევების ეს ერთადერთი გზა! რაღა საჭიროა სხვა გზის ძებნა?

ფორმალური აღმსარებლობის მომხრეებს არ შეუძლიათ იმის გაგება, რატომ გვახარებს ის, რომ ქრისტეს გულისათვის ყველა ცოდვა გვეპატია. ლოცვას, საქმეებს, რიტუალებს მათთვის მცირედი ნუგეში თუ მოაქვს. მოუსვენრად გრძნობენ თავს, რადგან ისინი უარყოფენ ერთადერთ დიად ხსნას და ცდილობენ, სისხლის გარეშე მოიპოვონ ცოდვების პატიება.

სულო ჩემო, ჩამოჯექი და უმზირე ღვთის სამართლიანობას, რომელიც ვალდებულია, რომ დასაჯოს ცოდვა. იხილე ეს სასჯელი, რომელიც სრულად იტვირთა შენმა უფალმა იესომ, გაიხარე თავმდაბალი სიხარულით და ეამბორე მის ძვირფას ფერხთ, ვისმა სისხლმაც განგწმინდა. სინდისი ამაოდ ეძიებს ნუგეშს გრძნობებსა და დამოწმებებში. ეს ის ჩვევაა, რომელიც ჩვენი რჯულისმიერი მონობის ეგვიპტეში შევიძინეთ. ერთადერთი წამალი დამნაშავე სინდისისათვის არის ჯვარზე ტანჯული იესოს ხილვა. „სიცოცხლე ყოველი ხორციელისა მისი სისხლია.“ – აცხადებს ლევიანთა რჯული. მაშ, დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ეს რწმენის, სიხარულისა და ყოველგვარი სხვა წმინდა მადლის სიცოცხლეა.

ჩარლზ სპერჯენი


ამავე კატეგორიის