ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.’
როდესაც გვესმის მოწოდება მსახურებისა თუ ტანჯვისკენ, მოვიკრებთ ხოლმე მთელ ჩვენს სიმტკიცეს და შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ ეს ძალა უფრო მცირეა, ვიდრე გვეგონა ან გვჭირდებოდა, მაგრამ, დაე, ნუ შეშინდება ჩვენი გული, ვინაიდან გვაქვს უფლის სიტყვა, რომელსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ, რამეთუ ისაა საწინდარი ყოველი ჩვენი საჭიროებისა. ღმერთს ყოვლისშემძლე ძალა აქვს და ამ ძალას ჩვენც გვანიჭებს. ის აღგვითქვამს კიდეც ამას. ის იქნება საკვები ჩვენი სულებისათვის და ჯანმრთელობა ჩვენი გულებისათვის, ამგვარად მოგვცემს ის ძალას. შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რამხელა ძალის მოთავსება შეუძლია ღმერთს ადამიანში. ღვთიური ძალა როდესაც გადმოდის ჩვენზე, ადამიანური უძლურება მეტად აღარ გვეღობება წინ.
ნუთუ არ გვახსოვს ტანჯვის ჟამი და განსაცდელი, როცა მივიღეთ ასეთი საგანგებო ძალა, რაც ასე გვაოცებდა? ხიფათისას მშვიდად ვიყავით, მძიმე დანაკლისს მორჩილად ვხვდებოდით, ცილისწამებისას თავშეკავებას და ავადმყოფობისას მოთმინებას ვიჩენდით. ფაქტია, რომ ღმერთი გვაძლევს ძალას მაშინ, როცა უჩვეულო განსაცდელნი გვატყდება თავს. ამ დროს ჩვენ საკუთარ უძლურებაზე ვმაღლდებით. მშიშრები ძალას მოიკრებენ და მტერს დაამარცხებენ, უგუნურს მიეცემა სიბრძნე და მდუმარეთა ბაგეებში იქნება სიტყვა მართებულ ჟამს. საკუთარი უძლურება მაიძულებს უკანდახევას, მაგრამ ღმერთის აღთქმანი მაძლიერებს. უფალო, განმამტკიცე შენი სიტყვის თანახმად.