ჩვენ არ ვიცით, რა ერქვა იმ ქალს, მაგრამ ვიცით, რა მდგომარეობაში იყო იგი. მისთვის სამყარო ბნელით იყო მოცული. მისთვის იმედი აღარ არსებობდა. წაიკითხეთ ეს სამი მუხლი და მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ:
„და წაჰყვა მას. დიდძალი ხალხი აედევნა და ზედ აწყდებოდა იესოს. იყო იქ ქალი, რომელსაც თორმეტი წელიწადი იყო, რაც სისხლის დენა სჭირდა და მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი ბევრი მკურნალისაგან და, რაც კი ებადა, ყველაფერი დაეხარჯა, მაგრამ არაფერს ეშველა, უარეს დღეში ჩავარდნილიყო“
ის გადატეხილი ლერწამივით იყო: „თორმეტი წელიწადი იყო, რაც სისხლის დენა სჭირდა“, „მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი“, „რაც კი ებადა, ყველაფერი დაეხარჯა“, „უარეს დღეში ჩავარდნილიყო“.
ქალი ფიზიკურად გამოფიტული და სოციალურად გარიყული გახლდათ. ყოველ დილით ის იღვიძებდა სხეულში, რომელიც არავის სჭირდებოდა. იმედგადაწურულს ალბათ ლოცვაც აღარ ძალუძდა და იმ დღეს, როდესაც მას პირველად ვხვდებით სახარების ფურცლებზე, ალბათ, უკანასკნელი იმედი და უკანასკნელი ლოცვის სიტყვებიღა ჰქონდა დარჩენილი.
ალბათ, თქვენც გიგრძნიათ თავი ასე. ავად ყოფილხართ დღეების, თვეების, კვირების, წლების განმავლობაში. ექიმებს არ სცოდნიათ წამალი. ვერც ანალიზების პასუხებით გამოვლენილა რამე. დაღლილხართ. დაღლილხართ ავად ყოფნით, მაგრამ ყველაზე მეტად დაღლილხართ იმედის ქონით.
ყოველდღე იმედოვნებთ და ლოცულობთ, რომ დღევანდელი დღე წინაზე უკეთესი იქნება, მაგრამ ყოველდღე იმედგაცრუებული რჩებით. როგორ ინარჩუნებთ რწმენას იმისას, რომ განიკურნებით? როგორ ინარჩუნებთ რწმენას იმისას, რომ ღმერთისთვის სულ ერთი არ ხართ?
იესო ხალხით არის გარშემორტყმული. ის საზოგადოებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კაცის, იაიროსის ასულის დასახმარებლად მიდის. რა შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ ის გადადებს ამ საქმეს და შეჩერდება ისეთი ადამიანის დასახმარებლად, როგორიც ეს ქალია? და მაინც, ქალი ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას.
ფიქრობს, მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო (მარკოზი 5:28). ეს იყო მისი უკანასკნელი იმედი, მისი უკანასკნელი ნუგეში. ეს იყო მისი უკანასკნელი ცდა იმისა, რომ კარგად გამხდარიყო. ყველაფერი კი დამოკიდებული იყო კაცზე, რომელიც საკუთარ თავს წინასწარმეტყველს უწოდებდა. რისკიანი გადაწყვეტილება მიიღო ქალმა. მას რომ შეხებოდა, სხვების შეხებაც მოუწევდა. ერთ-ერთ მათგანსაც რომ ეცნო ქალი, განკურნებას უნდა დამშვიდობებოდა. ნაცვლად ამისა, მხოლოდ გაკიცხვას მიიღებდა. თუმცა სხვა რა არჩევანი ჰქონდა მას? აღარც ფული გააჩნდა, აღარც მეგობრები, აღარც რაიმე გამოსავალი ჩანდა. მხოლოდ იმ წინათგრძნობას მოეცვა, რომ იესოს შეეძლო მისი დახმარება და ბოლო იმედიღა ჰქონდა დარჩენილი, რომ ის დაეხმარებოდა კიდეც მას. შეიძლება, თქვენც მხოლოდ ეს წინათგრძნობა გაქვთ დარჩენილი და ასევე, სულ პაწაწინა იმედი. აღარაფერი გაქვთ გასაცემი. გტკივათ. მხოლოდ საკუთარი ტკივილის შეთავაზება შეგიძლიათ ქრისტესთვის.
შეიძლება ეს გიშლიდათ ხელს ღმერთთან მისვლაში. შეიძლება, ერთი-ორი ნაბიჯი გადადგით მისკენ, მაგრამ შემდეგ ხალხი დაინახეთ მის გარშემო. ეს ადამიანები ისეთი სუფთანი, ისეთი მოწესრიგებულნი, ისეთი ჯანსაღი რწმენის მქონენი ჩანან. და როცა ისინი დაინახეთ, მათ დაფარეს ქრისტე თქვენგან. ვეღარ მოჰკარით თვალი მას. უკან დაიხიეთ.
თუ სწორედ ასე მოხდა თქვენს ცხოვრებაში, გაიხსენეთ, რომ მხოლოდ ერთმა ადამიანმა მიიღო ქება იმისათვის, რომ რწმენა გამოიჩინა და ეს ადამიანი მდიდარი არ ყოფილა. გულუხვად არ გაუღია შესაწირავი. ის არ ყოფილა ქრისტეს ერთგული მიმდევარი. ეს იყო სირცხვილით სავსე, საზოგადოებისგან გარიყული ქალი, რომელსაც გროშიც აღარ დარჩენოდა და რომელიც უკანასკნელ იმედსღა ეჭიდებოდა, რომ ქრისტე დაეხმარებოდა მას…
ეს კი, სხვათა შორის, ცუდი განსაზღვრება როდია რწმენისათვის: დაჯერებულობა იმისა, რომ იესოს ძალუძს განკურნება და რომ ის ასეც მოიქცევა. ეს განსაზღვრება ჰგავს კიდეც ბიბლიაში დაწერილი რწმენის განსაზღვრებას:
„ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“
მდიდარი ქალი სათანადოდ ვერასოდეს დააფასებდა იესოს სამოსის კიდის შეხების ძალას, მაგრამ ეს ქალი ავად იყო და როდესაც მისი დილემა იესოს ძალას შეხვდა, სასწაული მოხდა. ქალის წვლილი თავისი განკურნების საქმეში ძალიან მცირე იყო. მას მხოლოდ ხელი უნდა გაეწვდინა ხალხს შორის მდგომს. „მის სამოსელსაც რომ შევეხო…“ მთავარი ძალისხმევის ფორმა როდი იყო, არამედ თავად ძალისხმევის ფაქტი. ფაქტი კი ისაა, რომ ქალმა რაღაც მოიმოქმედა. მან უარი თქვა ამ სნეულებასთან ერთად კიდევ ერთი დღის გატარებაზე და ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა.
განკურნება იწყება მაშინ, როცა მოქმედებას ვიწყებთ. განკურნება იწყება მაშინ, როცა ხელს ვიწვდით. განკურნება იწყება მაშინ, როდესაც რწმენის ნაბიჯს ვდგამთ. ღვთის შეწევნა ახლოსაა და ყოველთვის მისაწვდომია, მაგრამ ის მხოლოდ მათ ეძლევათ, ვინც ეძიებს მას.
ამ ამბავში აღწერილ მოქმედებათაგან ყველაზე დიდებულია განკურნება, მაგრამ ყველაზე დიდებული ჭეშმარიტება ის არის, რომ განკურნება დაიწყო ქალის შეხებით. ამ მცირე, გაბედული მოქმედებით ქალმა საკუთარ თავზე გამოცადა იესოს ძალა. იესო მობრუნდა და როდესაც ქალი დაინახა, თქვა: „‘გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა’ და ქალი იმავე ჟამს განიკურნა.“ (მათე 9:22).
რწმენა მოულოდნელი მოქმედებისკენ გვიბიძგებს. რწმენა იპყრობს ღმერთის ყურადღებას. მან შეუძლებელი შეძლო ქალისათვის და ის ამავეს მოიმოქმედებს შენთვისაც. და იცი, რა არის ყველაზე კარგი? ქრისტე კურნავს არა მხოლოდ სხეულს, არამედ სულსაც. მისთვის შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე უძლური სხეული, რომელსაც რაღაც აწუხებს. ის ხედავს, რომ შენს გულს, გონებასა და სულს განკურნება სჭირდება. ის უფრო მეტს გთავაზობს, ვიდრე სთხოვ, რადგან მან ზუსტად იცის, რაც გჭირდება. მიდი მასთან. გქონდეს რწმენა და ის განგკურნავს.