უფალს მადლობას ვუხდიდი მისი წყალობისათვის. ის ცოდვები ჩამოვწერე, რომლებიც მაპატია. ყოველ დაცემაზე კვლავ სათითაოდ ვითხოვდი პატიებას. ჩემი მოტივი სუფთა იყო და გული მადლიერი, მაგრამ ღმერთის სიტყვას ჩემდამი არასწორად მივუდექი.
როდესაც ვამბობდი „გახსოვს, როდესაც…“ და მინდოდა გამეხსენებინა კიდევ ერთი შემთხვევა უფლის მოწყალების, მპატიებლობის, მაგრამ შევჩერდი. რაღაც არასწორი იყო. სიტყვა „გახსოვს“ იყო უადგილო, მცდარი ნოტი სონატაში და შეცდომით დაწერილი სიტყვა პოემაში. შეუსაბამოდ ჟღერდა: „ახსოვს კი მას?“ და მაშინ გამახსენდა მისი სიტყვები: „აღარასოდეს გავუხსენებ მათ ცოდვებს.“ ეს ხომ დიდებული დაპირებაა. უფალი უბრალოდ კი არ გპატიობს, არამედ ივიწყებს კიდეც. ის ასუფთავებს დაფას, ანადგურებს მტკიცებულებას, წვავს ჩანაწერს და ასუფთავებს კომპიუტერს. უარს ამბობს ჩემს შეცდომათა ჩამონათვალის შენახვაზე. როდესაც პატიებას ვითხოვ, ის არ ამბობს: „უკვე ხუთას თექვსმეტჯერ ვაპატიე.“ ის არ იმახსოვრებს.
როგორც აღმოსავლეთია დაშორებული დასავლეთისგან, ისე განგვაშორა მან ჩვენი ცოდვები.
რადგან შევუნდობ მათ უსამართლობას და ცოდვებს არ გავუხსენებ.
ყირმიზივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება.
არა, მას არ ახსოვს, ეს მე და შენ გვახსოვს მხოლოდ. შენც ისევე გახსოვს, როგორც მე. გახსოვს, როგორ იქცეოდი, სანამ შეიცვლებოდი. შენი გულის საკანში გუშინდელი ცოდვის აჩრდილია. ცოდვები, რომლებიც აღიარე და მოინანიე; ზარალი, რომლის გამოსასწორებლადაც ყველაფერი გააკეთე. და მიუხედავად იმისა, რომ ახლა სულ სხვა პიროვნება ხარ, აჩრდილი ისევ არ გტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ სარდაფის კარი გამოიხურე, ისინი ისევ არ გასვენებენ, შენს სულს აღელვებენ და სიხარულს გპარავენ. უსიტყვო ჩურჩულით გახსენებენ მომენტებს, როდესაც დაივიწყე, რომ ცოცხალი ღმერთის შვილი იყავი.
ის საშინელი ტყუილი.
სიბრაზეში გატარებული დრო.
წლები, რომლებიც სატანის ხელებში მოქცეულმა გაატარე.
ის დღე, როცა რაღაც გჭირდებოდა, მაგრამ პასუხი არ იყო.
ის თარიღი.
ის ეჭვიანობა.
გუშინდელი ხაფანგი-მოჩვენება, რომელიც ჩუმად გაწოდებს აზრს: „მართლა ნაპატიები ხარ?” ღმერთი ჭეშმარიტად ივიწყებს ჩვენი შეცდომების უმრავლესობას, მაგრამ, რატომღაც, მაინც ფიქრობ, ნუთუ ნამდვილად დაავიწყდა, როცა… შედეგად, შენი სულიერი სვლა ოდნავ შესუსტდა. არა, მაინც გწამს, ისევ სწორად იქცევი და სწორად ლაპარაკობ, მაგრამ იმ მომეტში, როდესაც ნაბიჯი უნდა გადადგა და არწივივით გაშალო ფრთები, ჩნდება მოჩვენება, რომელიც შენი სულიდან გამოდის და გაიძულებს, კითხვა დაუსვა საკუთარ თავს და განაჩენი გამოუტანო:
„ასეთი წარსულით ბიბლიის კლასებს ვერ ჩაატარებ.“
„შენ? მისიონერი?“
„როგორ სთხოვ, რომ ეკლესიაში წამოვიდეს? შენს წარსულზე რომ გაიგოს?“
„როგორ შესთავაზებ დახმარებას?“
ეშმაკი გამძაფრებული სიტყვებით იწყებს შენს ბრალდებას. ხელში გაჩეჩებს შენს შეცდომებს, ხელს გიშლის ქრისტეს დანახვაში და ეჭვების აჩრდილში გტოვებს. ნუთუ ნამდვილად გჯერა, რომ ეს მოჩვენება ღმერთისგანაა? გგონია, უფლის ხმა გახსენებს წარსულს? გგონია, ღმერთი გცდიდა, როდესაც გითხრა: „აღარ გაგიხსენებ ცოდვებს.“ ფიქრობ, აზვიადებდა, როცა ამბობდა, რომ როგორც აღმოსავლეთი და დასავლეთია დაშორებული, ისე დაგაშორებდა ცოდვას? მართლა გჯერა, რომ ასეთი განცხადების შემდეგ: „არ დავიკავებ ცოდვებს მათ წინააღმდეგ“, ყოველთვის გაგახსენებდა მათ, როცა პატიებას ითხოვდი? რა თქმა უნდა, არა.
მე და შენ გვჭირდება, რომ გვახსოვდეს, როგორია ღვთის ბუნება, რომ ის მპატიებელი ღმერთია. პირობითი სიყვარული ღვთიურ ბუნებას ეწინააღმდეგება. როგორც შენი ადამიანური ბუნება ეწინააღმდეგება ხეების ჭამას და ფრთების გაზრდას, ასევე ღმერთის ბუნებაც ეწინააღმდეგება, რომ ახსოვდეს ნაპატიები ცოდვები.
ღმერთი სრულყოფილი მადლის ღმერთია… ან არ არის. მადლს ძალუძს ყოველივეს დავიწყება. ეს არის სრულყოფილი სიყვარული ხრიკების გარეშე. თუ ხრიკებისაა, მაშინ სრულყოფილი სიყვარული არ ყოფილა. და თუ ის სრულყოფილი სიყვარული არ არის, შეწყვიტე ამ სტატიის კითხვა და დროს ტყუილად ნუღარ გაფლანგავ. მაგრამ მე მჯერა მისი მპატიებლობის და მოსიყვარულე გულის, რომ მას შეუძლია ჩვენი ცოდვების დავიწყება. დაფიქრდი, თუ არ გვაპატია, როგორ ვლოცულობთ? როგორ ვუგალობთ? როგორ ვიგრძნობთ მის დიდებულ თანდასწრებას, თუკი ჩვენს დანახვაზე ჩვენი საცოდავი წარსული გაახსენდება? როგორ მივეახლებით მის ტახტს ჩვენი ეგოიზმით და სიხარბით შემოსილები? ვერ და არ მივეახლებით.
წაიკითხე ეს ძლიერი მონაკვეთი პავლეს წერილიდან გალატელთა მიმართ და დააკვირდი შენი პულსის ცემას. შეძრწუნდები.
ვინაიდან, რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეთი შეიმოსენით.
ჩვენ ქრისტეთი უნდა შევიმოსოთ. როდესაც ღმერთი გვიყურებს, ჩვენ კი არა, ქრისტეს ხედავს. ჩვენ ქრისტეთი ვართ შემოსილნი. მასში ვაფარებთ თავს. ის გვიცავს. როგორც საგალობელი ამბობს: „შეიმოსეთ მხოლოდ მისი სამართლიანობით, უმწიკვლოდ მიდით მის ტახტთან.“ ჩვენი ფიქრებით, შესაძლოა, ეს მკრეხელობად მიგვეჩნია, მაგრამ ის ასე არ ფიქრობს. ჩვენ თავხედები მაშინ კი არ ვართ, როდესაც გვაოცებს მისი დიდება, არამედ მაშინ, როცა უარვყოფთ. ჩვენ ვმკრეხელობთ არა მაშინ, როცა მის პატიებას ვითხოვთ, არამედ მაშინ, როდესაც წარსული ცოდვების მოჩვენებას უფლებას ვაძლევთ დაგვარწმუნოს, რომ ღმერთი გვპატიობს, მაგრამ არ ივიწყებს…
დაეხმარე საკუთარ თავს, გაისუფთავე გული. განდევნე ბოროტი შენი „სარდაფიდან“, გამოიხურე მისი კარი, დალუქე რომაული გალავნების ლურსმნებით და ამოქოლე.
და გახსოვდეს… ის ივიწყებს.