მოდით, განვიხილოთ მახარებლის ტიპური მსახურება. მქადაგებელი ქადაგებს თემაზე „მოდი იესოსთან და მიიღე კურთხევა!“ იგი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ იესო მოგვცემს სიხარულს, სიმშვიდეს, წარმატებას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, ზეცას და ა.შ.
გთხოვთ, სწორად გამიგოთ, ღმერთს მართლაც სურს ჩვენი კურთხევა, მაგრამ იესო არასოდეს იყენებდა კურთხევებს სატყუარად მიმდევრების შესაძენად. ორმოცდახუთწუთიანი „სარეკლამო აქციის“ შემდეგ, მქადაგებელი სთხოვს მსმენელებს, თავი ჩაღუნონ და აძლევს შეკითხვას: „დღეს თუ გარდაიცვლებით, წახვალთ ზეცაში?“ ის მოუწოდებს თითოეულს, დაუსვას ეს კითხვა გვერდით მჯდომს და თუ ის ვერ უპასუხებს: „დიახ!“, ხელი მოჰკიდოს და გამოიყვანოს წინ.
ვიდრე კანდიდატები წინ გამოდიან, ისმის საგალობელი „ის, როგორიც არის“, სხვა ვარიაციით, ისინი დარბაზის აპლოდისმენტის თანხლებით გამოდიან, უკან კი ინსტრუმენტული მარშის ხმა ისმის.
წინ გამოსულებს მქადაგებელი სთხოვს, თავი ჩაღუნონ და გაიმეორონ ჩვეულებრივი ლოცვა, მაგალითად: „მამაო, ვაღიარებ, რომ ცოდვილი ვარ, მაპატიე ჩემი ცოდვები. მე ვთხოვ იესოს, რომ შემოვიდეს ჩემს გულში, როგორც მხსნელი და უფალი. გმადლობ, რომ გავხდი შენი შვილი. იესოს სახელით ვლოცულობ, ამინ!“
დარბაზი ტაშს უკრავს, ისმის მარში და „ახალმოქცეულები“ უბრუნდებიან ადგილებს ისეთები, როგორებიც იყვნენ, იმის გამოკლებით, რომ ისინი ახლა „მოტყუებულნი“ არიან. ერთი სიტყვაც კი არ ყოფილა იმის შესახებ, რომ უნდა მოენანიებინათ ღვთის ურჩობა, რომ უარი უნდა ეთქვათ საკუთარ სურვილებზე, რომ ღვთის ნების შესრულება დაეწყოთ, რომ უნდა შესძლებოდათ საკუთარი სიცოცხლის დათმობა იესოს გულისათვის. მათ აღიარეს იესო საკუთარ მხსნელად, მაგრამ არავითარი ცვლილება არ მომხდარა მათში. იესო უბრალოდ მათი ცხოვრების ნაწილი გახდა, მაგრამ ნება მომეცით, გაცნობოთ, რომ მეფეთა მეფე და უფალთა უფალი არავის ცხოვრებაში არ მოდის, როგორც მეორე და არც პირველი დანარჩენ კონკურენტებს შორის. ის მოდის, როგორც ერთადერთი მეფე და ის თავისი ადგილისათვის თქვენს გულში შეჯიბრებას არ მართავს არც ადამიანთან, არც საქმიანობასთან, არც არაფერთან. ის უნდა იყოს უფალი, უპირველესი ბატონი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მეტად აღარ განვაგებთ ჩვენს ცხოვრებას.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ქორწინდებით ადამიანზე, რომელმაც გითხრათ, რომ იცხოვრებს თქვენთან, მაგრამ არ მიატოვებს საყვარლებს, მაგრამ თქვენ პირველი იქნებით სიაში…? რამდენად დიდია მთელი სამყაროს მეფე? მიიღებს კი ის პატარძალს, რომელიც ამბობს: „შენ პირველი ხარ, ყველა ჩემს საყვარელს შორის!“… ასეთ შემთხვევაში არ არის აღთქმული ურთიერთობა და ორის გაერთიანება ერთ სხეულად… როგორი ცდომილებაა!
ამ „ახალმოქცეულებმა“ საშუალება არ მისცეს ჯვარს, რომ განემსჭვალა მათი ეგოცენტრული ცხოვრება და ადგილი იესოს ბუნების ფორმირებისთვის დაეთმო. მათ მიიღეს დედამიწაზე უკეთესი ცხოვრების იმედი და ზეცაში წასვლის დაპირება… საინტერესოა, რომ ბევრ ქვეყანაში, სადაც ქრისტიანთა დევნა ხდება, ადამიანები მიდიან იესოსთან და მზად არიან, დაკარგონ თავიანთი სიცოცხლე. ჩვენ კი, ზოგიერთ საზოგადოებაში, მივდივართ მასთან, რათა მივიღოთ უკეთესი ცხოვრება და ზეცა. ჩვენ კი სწორედ ასევე უნდა დავკარგოთ ჩვენი სიცოცხლე!….