„რა არის თქვენი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა?“

by მათე თხელიძე
112 ნახვა

ისიც ვნახე, რომ სიბეჯითე ყველა საქმეში მხოლოდ ერთმანეთის შურით არის გამოწვეული. ამაოება ყოფილა ესეც და ქარის დევნა.

რომაელთა 5:3-4

თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში არის რაღაც მამოძრავებელი ძალა. მამოძრავებელი ძალა არის ის, რაც ამოძრავებს, აკონტროლებს, უბიძგებს ან მიმართულებას აძლევს რაიმეს ან ვინმეს. ადამიანის ცხოვრებას მრავალი ფასეულობა თუ ემოცია შეიძლება წარმართავდეს, მაგრამ მათგან მხოლოდ ხუთ გავრცელებულ ფაქტორს ჩამოვთვლი:

დანაშაულის გრძნობა

მრავალი ადამიანის ცხოვრების წარმმართველი დანაშაულის გრძნობაა. ასეთი ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ, გაექცნენ საკუთარ სინანულს და დამალონ სირცხვილის გრძნობა. ისინი ნებას აძლევენ წარსულს, გავლენა მოახდინოს აწმყოსა და მომავალზე. სრულიად გაუცნობიერებლად სჯიან საკუთარ თავს და ხელს უშლიან საკუთარ წარმატებას.

წყენა და მრისხანება

მრავალი ადამიანის წარმმართველი წყენა და მრისხანებაა. მათ გულებში წყენა ბუდობს და არც სურთ ამ წყენის წარსულში დატოვება. ნაცვლად პატიებისა, კვლავ და კვლავ იხსენებენ მომხდარს. ასეთი ადამიანები სხვადასხვაგვარად უმკლავდებიან საკუთარ მრისხანებას. ერთნი ნაჭუჭში იკეტებიან, მეორენი კი გარშემომყოფ ადამიანებზე ანთხევენ რისხვას. უპატიებლობას კი ჩვენთვის უფრო დიდი ზიანი მოაქვს, ვიდრე მათთვის, ვისაც არ ვპატიობთ.

უგუნურს ღუპავს ბრაზი, ბრიყვს შური კლავს.

იობი 5:2

 შიში

მილიონობით ადამიანს შიში წარმართავს. შიშს იწვევს ტრავმული განცდები, მზარდი მოთხოვნილებისა და მოლოდინის შედეგები, იმ ოჯახში მიღებული აღზრდის ნაყოფი, სადაც მეტისმეტად მკაცრი კონტროლი იყო დაწესებული, ანდა, სულაც გენეტიკური თავისებურებანი. შიშით აღძრული ადამიანები გამუდმებულ მღელვარებაში არიან, მათთვის ყველაზე დიდი ფასეულობა უსაფრთხოება და საიმედოობაა. შიშის გამო ისინი ხშირად კარგავენ რაიმეს წამოწყების შესაძლებლობას. ჩვენ თავად ვიგდებთ თავს შიშსა და უიმედობაში და თუ გვინდა, რომ დავძლიოთ იგი, სიყვარულითა და რწმენით უნდა ვებრძოლოთ მას.

მატერიალური კეთილდღეობა

მრავალი ადამიანის წარმმართველი მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვაა. ამ ადამიანთა ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი ქონების მოხვეჭის სურვილს უკავია. ისინი ხელმძღვანელობენ მცდარი მოსაზრებით იმის შესახებ, რომ რაც უფრო მეტი აქვს ადამიანს, მით უფრო ბედნიერია იგი, უფრო მნიშვნელოვანი პიროვნებაა სხვების თვალში და უფრო საიმედოდ იქნება მისი მომავალი უზრუნველყოფილი, თუმცა ჭეშმარიტი ადამიანური ფასეულობა არ განისაზღვრება ფულით. ჭეშმარიტი უსაფრთხოება და საიმედოობა კი ღმერთთან ურთიერთობაშია.

საზოგადოებრივი აზრი

მრავალი ადამიანის წარმმართველი საზოგადოებრივი აზრი და მისი მოთხოვნილებებია. ეს ადამიანები საკუთარ ცხოვრებაზე ბატონობის უფლებას აძლევენ მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს, მასწავლებლებს, მეგობრებს და მრავალ სხვა ადამიანს. მათ მოსვენებას არ აძლევს იმაზე ფიქრი, რას იტყვიან გარშემომყოფნი. ღვთაებრივი დანიშნულების გაგების ხელიდან გაშვების კიდევ ერთი გარანტიაა სხვა ადამიანების შეხედულებებზე მუდმივი დამოკიდებულება. იესომ თქვა:

არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ, ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.

მათე 6:24

რიკ უორენი


ამავე კატეგორიის