„ღმერთი ერთგულია“

by გუჯა ჩაჩანიძე
361 ნახვა

„ასე ამბობს უფალი: ‘ნუ დაიქადებს ბრძენი თავისი სიბრძნით, ძლიერი – თავისი ძალით და მდიდარი – თავისი სიმდიდრით. არამედ ვინც იქადის, იმით დაიქადოს, რომ შეიგნო და მიცნობს, რადგან მე, უფალი, ვიქმ წყალობას, სამართალსა და სიმართლეს ამქვეყნად, რადგან ეს მახარებს!’ – ამბობს უფალი.“

იერემია 9:23-24

„ერთგულია ღმერთი, რომელმაც მოგიწოდათ მის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან, მოზიარეობისათვის.“

1-ლი კორ. 1:9

ბიბლია ამბობს, რომ უფალი ერთგულია შენ წინაშე. საოცარი გრძნობაა, როცა იცი, რომ ის არ გიღალატებს, ის შენ გვერდით დადგება.

უფალი არ იცვლება და ისეთად რჩება ბოლომდე, როგორიც არის. მორწმუნეობა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ის აზრები, რომლებსაც აგზავნის ბოროტი, აბრაამის მსგავსად მოიგერიო.

სანამ ღმერთი შეიწირავდა, მისთვის მიტანილი მსხვერპლი აბრაამმა შუაზე გაყო: ერთი ნაწილი მარჯვნივ დადო, მეორე – მარცხნივ. ის ელოდებოდა ღმერთს, რომ ცეცხლით გაევლო ამ მსხვერპლს შორის. მთელი ღამე სვავები მოფრინავდნენ და ცდილობდნენ ამ მსხვერპლის შეჭმას, ხოლო აბრაამი მთელი ღამე იგერიებდა მათ, რომ არ შეეჭამათ ის. (დაბ. 15:10-12.). ჩვენს ცხოვრებაშიც არის ღამეები, როცა გვიჭირს, მოდის მაცდური და გვეუბნება: „რა მოგიტანა შენმა მსახურებამ, რა მოგცა?!“

მალაქიას წერილში (3:14-16,18) დაწერილია:

„ამბობდით: ფუჭია ღმერთის წინაშე მსახურება, რას გვარგებს მისი ბრძანებების დაცვა და მწუხარედ სიარულიო ცაბაოთ უფლის წინაშე? კურთხეულნი არიანო ამპარტავანნი, აშენდნენ ბოროტმოქმედნი, ღმერთიც კი გამოცადეს და გაექცნენ სასჯელს. როცა ლაპარაკობენ ერთმანეთში უფლის მოშიშნი, ყურს უგდებს მათ უფალი, ესმის და იწერება სამახსოვრო წიგნში… დაინახავთ სხვაობას მართალსა და ბოროტეულს შორის, ღვთისმსახურსა და მათ შორის, ვინც არ ემსახურება მას.“

მალაქია 3:14-16,18

გვახსოვდეს, რომ ღმერთი თვალყურს ადევნებს ყველაფერს, როგორ ვაზროვნებთ და როგორ ვიცნობთ მას. თუ ბიბლია გვეუბნება, რომ ის ერთგულია, ვერავინ და ვერაფერი შეცვლის ამას, მაგრამ მე შეიძლება ჩემი თავი გავანადგურო ჩემი ურწმუნოებით და ჩემი დამოკიდებულებით. შესაძლებლობა ჩემს ხელშია, ვივლი თუ არა ჩემს ღმერთთან ერთად, რომელიც ერთგულია.

პიროვნებამ უნდა გააკეთოს ცხოვრებაში არჩევანი და მიუძღვნას თავისი თავი ღმერთს, ოჯახს, ეკლესიას, მსახურებას, სამშობლოს… და როდესაც ასე მოიქცევი, შენ მოგეთხოვება, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ბოლომდე ერთგული დარჩე. სწორედ ასეთ ხალხს უდებს ღმერთი აღთქმას: „…სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს.“ (გამოცხ. 2:10).

ღმერთი ერთგულებს პატივით მიიღებს. (მე-2 ტიმ. 2:2,13; 1-ლი კორ. 4:2).

გიორგი (ხვიჩა) ჩიტაძე


ამავე კატეგორიის

გამოიწერეთ ჩვენი YOUTUBE არხი
საგალობლები, ვიდეორგოლები, ბიბლიური მუხლები და მრავალი საინტერესო ვიდეო.
გამოიწერეთ ჩვენი YOUTUBE არხი
საგალობლები, ვიდეორგოლები, ბიბლიური მუხლები და მრავალი საინტერესო ვიდეო.