მე მიყვარს შობა

by ელენე თანდაშვილი
416 ნახვა

მე მიყვარს შობა.

დაე, იწკრიალონ მარხილის ზარებმა. დაე, მგალობლებმა იგალობონ შობის საგალობლები. რაც უფრო მეტი თოვლის პაპა იქნება, მით უფრო მეტად ვიმხიარულებთ. რაც უფრო მეტი ნაძვის ხე იქნება, მით უკეთესი. მე მიყვარს შობა თავისი ხმებით, შეძახილებით, სიმღერებით. „წყნარი ღამით“ და შაქრის ქლიავის ფერიით. არ ვწუწუნებ ხალხით სავსე მაღაზიების გამო. თვითმფრინავი სავსეა? რესტორნები გადაჭედილია? მერე, რა, ეს ხომ შობაა.

და მე მიყვარს შობა.  

თოვლის პაპისადმი მიწერილი წერილები და საშობაო ნატვრები; საყვარელი კერძები. თოვლი, ზამთრის თბილი ტანსაცმელი და ჩრდილოეთის ირმის, რუდოლფის წითელი ცხვირი. მიყვარს ეს ყველაფერი, რადგან ვიღაც სადღაც მაინც დასვამს შობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს: „რა მოხდა მერე, ჩვილი რომ დაიბადა გომურში? ვინ იყო ის? რა კავშირი აქვს მის შობას ჩემთან?“

ის, ვინც კითხვას სვამს, შეიძლება იყოს პატარა ბავშვი, ან სახლიდან შორს მყოფი ჯარისკაცი; ანდა ახალგაზრდა დედა, რომელიც პირველად ხვდება შობას შვილთან ერთად. შობა კითხვების დასმისკენ უბიძგებს ადამიანს.

მიყვარს შობა, რადგან სადღაც ვიღაც დასვამს შობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს: „რა მოხდა მერე, ერთხელ ჩვილი თუ დაიბადა გომურში?“

მახსოვს, როცა პირველად დავსვი ეს კითხვები. დასავლეთ ტეხასის ერთ პატარა ქალაქში გავიზარდე, მექანიკოსის და ექთნის შვილი. ღარიბები არ ვყოფილვართ, მაგრამ არც შეძლებულები ვიყავით. მამაჩემს ნავთობსადენი მილები გაჰყავდა. დედა სამიდან თერთმეტ საათამდე მუშაობდა ჰოსპიტალში. ჩემს ძმას დავყავდი დაწყებით სკოლაში ყოველ დილით, ნაშუადღევს კი ბურთით ვთამაშობდი იქვე, სახლთან ახლოს. სადილს მამა ამზადებდა. ჩემი ძმა რეცხავდა ჭურჭელს, მე კი იატაკის დაგვა მევალებოდა. რვა საათზე ვბანაობდით ბიჭები და ცხრაზე უკვე საწოლში ვიწექით. დაძინებამდე მხოლოდ წიგნის წაკითხვა იყო ნებადართული. ჩვენი საწოლის ბოლოს საბავშვო წიგნებით სავსე სკივრი იდო.

დიდი წიგნები იყო, პრიალა და ფერადი ნახატებით. სკივრში ცხოვრობდა სამი დათვი. დიდი, ცუდი მგელი, შვიდი ჯუჯა და მაიმუნიც სკივრში ცხოვრობდნენ. სადღაც სკივრში, ზღაპრების ქვემოთ იდო წიგნი ჩვილი იესოს შესახებ. ყდაზე ჩალით სავსე ბაგა ეხატა. ვარსკვლავი ბრწყინავდა გომურის თავზე. იოსები და სახედარი, ორივეს რომ დიდი თვალები ჰქონდა, იქვე ახლოს იდგნენ. მარიამს ჩვილი ეჭირა; ზემოდან დაჰყურებდა მას, ჩვილიც ქვემოდან შეჰყურებდა დედას. მე კი მახსოვს, როგორ შევყურებდი ორივეს. მამაჩემს, რომელიც სიტყვაძუნწი კაცი გახლდათ, ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ნათქვამი ჰქონდა: „ბიჭებო, შობა ქრისტეს შესახებ არის.“

ამ ძილისწინა წუთებში, წიგნის კითხვის წუთებში, სადღაც ზღაპრებსა და სკივრში მცხოვრებ ცხოველებზე ფიქრებს შორის გაიელვებდა ხოლმე ფიქრი მამაჩემის ნათქვამის შესახებ. მეც დავიწყე შობასთან დაკავშირებით კითხვების დასმა. მას შემდეგ არ შემიწყვეტია ეს. მიყვარს პასუხები, რომლებიც ვიპოვე; მაგალითად, ეს: ღმერთმა იცის, რას ნიშნავს − იყო ადამიანი.  

ღმერთს ესმის ჩემი, როდესაც ველაპარაკები დასამთავრებელი საქმეებისა თუ ჩემ წინაშე არსებულ სირთულეთა შესახებ. მას ესმის. ის გვერდითაა. ბეთლემის წყალობით მყავს მეგობარი ზეცაში. ბეთლემის წყალობით, მყავს მხსნელი ზეცაში. შობას იწყება ის,  რასაც აღდგომას ვზეიმობთ.  

ბაგაზე მწოლიარე ჩვილი შემდეგ ჯვარზე გაკრული მეფე გახდა. იმის გამო, რაც მან მოიმოქმედა, ცოდვები მეპატია. მხოლოდ მადლი. მას არ უთქვამს: „განიწმინდე ჩემთან მოსვლამდე.“ მან მითხრა: „მოდი და მე განგწმენდ.“ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ მე ჩავჭიდე მას ხელი, არამედ მნიშვნელოვანი ისაა, რომ მან ჩამჭიდა ხელი. და მისი ხელი მტკიცეა.  

ბეთლემის წყალობით მყავს მხსნელი ზეცაში. შობას იწყება ის,  რასაც აღდგომას ვზეიმობთ. ბაგაზე მწოლიარე ჩვილი ჯვარზე გაკრულ მეფე გახდა.

საშობაო საჩუქრები თოვლის პაპისგან? მშვენიერია, მაგრამ ქრისტეს მუდმივი მყოფობა ჩემს ცხოვრებაში? ეს ხომ მთლიანად ცვლის ჩემს ცხოვრებას.

ღმერთი ყოველთვის ახლოსაა. ის ყოველთვის ჩვენ მხარესაა. ჩვენ შეიძლება დავივიწყოთ იგი, მაგრამ ღმერთი არასოდეს დაგვივიწყებს ჩვენ. ჩვენ მუდამ მის ფიქრებსა და გეგმებში ვართ. მან საკუთარ თავს „ემანუელი“ უწოდა (რაც ნიშნავს „ღმერთი არს ჩვენთან“ (მათე 1:23).

არა მხოლოდ „ღმერთმა შეგვქმნა ჩვენ“; არა მხოლოდ „ღმერთი ფიქრობს ჩვენზე“; არა მხოლოდ „ღმერთი დაგვყურებს“, არამედ „ღმერთი ჩვენთან არს.“ ღმერთი იქაა, სადაც ვართ ჩვენ: სამსახურში, სამზარეულოში, თვითმფრინავში. ის იმავე ჰაერით სუნთქავდა, რითიც ჩვენ და იმავე მიწაზე დადიოდა, რაზეც ჩვენ. ღმერთი… არს… ჩვენთან…! ეს სიტყვები დღეს ისე გვჭირდება, როგორც არასოდეს. ჩვენ ხომ მშფოთვარე დროში ვცხოვრობთ.

ტერორიზმი თავზარს სცემს ადამიანებს. ძალადობა შავი ღრუბელივით ჩამოწოლილა ჩვენს პლანეტაზე. გაიხსენეთ ახალი ამბები: უაზრო თავდასხმები, სისხლისღვრა, წარმოუდგენელი სისასტიკის გამოვლინებანი. და თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყოს, ამას კიდევ შიშიც ემატება, შიში იმისა, რომ ეს ყოველივე კვლავ განმეორდება.  

ეს ყველაფერი არ არის. კიდევ ვფიქრობთ სამუშაოზე, რომელსაც ვერ ვინარჩუნებთ; სიმსივნეზე, რომელსაც დიაგნოზს ვერ ვუსვამთ; ქორწინებაზე, რომელსაც ვერაფერს ვშველით; უფროსზე, რომელსაც თავს ვერ ვაწონებთ…

და საკუთარი თავი წარმოგვიდგება იმ პატარა ბიჭუნას ადგილზე, რომელიც ანგელოზის როლს ასრულებს საშობაო დადგმაში. დედასთან ერთად კვლავ და კვლავ იმეორებს: „ეს მე ვარ და ნუ გეშინიათ; ეს მე ვარ და ნუ გეშინიათ“. თუმცა, როდესაც დადგმა იწყება, ბიჭუნა სცენაზე გამოდის, განათებები თვალს სჭრის და ადგილზე შეშდება. რამდენიმეწამიანი უხერხული სიჩუმის შემდეგ ის ამბობს: „ეს მე ვარ და მეშინია.“  

გეშინიათ? თუ ასეა, ცოტაოდენი შობა ხომ არ გჭირდებათ? არ ვგულისხმობ, ნაძვის ხეს, ტკბილეულს ან თოვლის პაპას. ეს არ არის შობა. ქრისტეშობა, როგორც მამაჩემმა თქვა, ქრისტეს შეეხება. ეს არ არის თოვლის პაპის შობა, ეს არ არის საჩუქრების შობა, ეს არ არის ნაძვის ხის შობა, ეს ქრისტეს შობაა.

ღმერთი ყოველთვის ჩვენთან ახლოსაა. ყოველთვის ჩვენკენაა. ყოველთვის ჩვენშია. ჩვენ შეიძლება დავივიწყოთ იგი, მაგრამ ღმერთი არასოდეს დაგვივიწყებს ჩვენ.

ხომ არ დაგავიწყდათ ღმერთი? ამ საშობაო ფუსფუსსა და ორომტრიალში, გიფიქრიათ შობის დაპირებაზე? ღმერთმა მიგვიღო. ღმერთმა დაგვიხსნა. ღმერთი ყოველთვის ჩვენთან ახლოსაა. სხვათა შორის, ბეთლემი მხოლოდ დასაწყისი იყო. იესო დაგვპირდა, რომ იქნებოდა ბეთლემის განმეორება, თუმცა შემდეგ ჯერზე მშვიდი, წყნარი ღამე აღარ განმეორდებოდა.

ცანი გაიხსნებიან, გაისმება საყვირების ხმა და ახალი სასუფევლის ხანა დაიწყება. ქრისტე აღადგენს მკვდრებს და დაადნობს სიკვდილის ყინულებს. საკუთარი თითით მოსწმენდს ცრემლებს თავის შვილებს.

„განგვშორდი მწუხარებავ, სნეულებავ! საკმარისია შიშის ზარი და თავზარდაცემით სავსე ღამეები! სიკვდილო, განქარდი! სიცოცხლევ, იზეიმე!“

ბეთლემში მოვლინებული ჩვილი გვაძლევს გაბედულებას გვწამდეს, რომ უკეთესი წინაა და შეიძლება ეს „უკეთესი“ დღესაც დაიწყოს, ხოლო თუ დღეს არ დაიწყება, ამასაც თავისი მიზეზი ექნება.

არცერთი დღე არ არის შემთხვევითი. არცერთი ქმედება არ არის უმიზნო. გაიხსენეთ იესოს შობა. მეფემ მოსახლეობის აღწერა ბრძანა. იოსები იძულებული გახდა ბეთლემში წასულიყო. მარიამიც მასთან ერთად. სასტუმროში ადგილი არ აღმოჩნდა მათთვის. გვიანი იყო. უამრავი სირთულე და დაბრკოლება შეიქმნა, თუმცა სწორედ ამ დროს იშვა იმედი. ეს იმედი დღესაც არის. არ მიყვარს დაბრკოლებები, მაგრამ მიყვარს შობა, რადგან ის შეგვახსენებს: „ღმერთის მოყვარულებისთვის, მისი განწესებით მოწოდებულებისთვის, ყველაფერი სასიკეთოდ მოქმედებს.“ (რომაელთა 8:28).

შობის დაპირებანი…

სტუმრები წავიდნენ. საშობაო სიმღერებიც შეწყდა. სინათლეები ჩაქრა. შობის დაპირებანი კი კვლავ რჩება.

იქნებ ცოტაოდენი შობა შეუშვათ თქვენს გულში… მოდი, გავაკეთოთ ის, რაც გავაკეთე 6 წლისამ მე: წითელთავიანმა, დაჭორფლილმა ბიჭმა. ავანთოთ სანათი, მოხერხებულად მოვკალათდეთ სავარძელში და წავიკითხოთ ბეთლემის გასაოცარი ისტორია.

დაე, თქვენც იპოვოთ ის, რაც მე ვიპოვე: ცხოვრების იმედი.

მაქს ლუკადო


ამავე კატეგორიის