მე მჯერა სატანის არსებობის, რადგან მწამს, რომ არსებობს ქრისტე.
იმ შემთხვევაში, თუ ეშმაკს მეცნიერებამდელი ეპოქის მითოლოგიურ გადმონაშთად მივიჩნევთ, მაშინ იესო ქრისტეს ბრძოლა ჩვენი სიცოცხლისთვის უბრალო, წარმოსახვით მოწინააღმდეგესთან ბრძოლას ემსგავსება და ქრისტეს ყოველი მცდელობა ჰაერის გვემას წააგავს მხოლოდ.
თავისი მსახურების დასაწყისიდან (მათე 4:1-11) დასასრულამდე (ლუკა 22:3) იესო ბნელეთის ძალებს ებრძვის. 1-ლი პეტრე 5:8, იაკობი 4:7, 1-ლი იოანე 2:13; 3:8; 5:18 და 1-ლი თესალონიკელთა 3:5 – ახალი აღთქმის ეს მუხლები გვასწავლის, რომ ეშმაკი ეკლესიის მტერია და მას წინ უნდა აღვუდგეთ რწმენით და ღვთის სიტყვით. ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ მისი ტაქტიკის შესახებ.
ბოლო ხანს განსაკუთრებით მკაფიოდ გავაცნობიერე, რა კარგად იცის სატანამ ბიბლია და როგორ უყვარს მისი ციტირება ჩვენი რწმენის დასამსხვრევად. გახსოვთ, ის ცდილობდა დაერწმუნებინა იესო, რომ ტაძრის ქიმიდან გადამხტარიყო. ის წმინდა წერილის მეშვეობით უმტკიცებდა ქრისტეს თავისი სიტყვების სისწორეს. ეუბნებოდა: „თუ ღმერთის ძე ხარ, გადაიგდე თავი ძირს, რადგან დაწერილია: ‘თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ფეხი არ წამოჰკრა ქვაზე.’“ კარგად დაუკვირდით! სატანა ჩვენი რწმენის განადგურებას ყოველთვის იმის მტკიცებით როდი ცდილობს, რომ ბიბლია ჭეშმარიტება არ არის, პირიქით, ის ხშირად იყენებს წმინდა წერილის ზოგიერთ ადგილს იმისათვის, რომ ჩვენში ღვთის მიმართ ურჩობა გამოიწვიოს.
ქრისტიანებისთვის ღვთის სიტყვა გადარჩენის გასაღებია. მის გარეშე დავიღუპებით. არავის უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ წაგვართვას ღვთის სიტყვა. უმალ ციხეში წავალთ, ვიდრე შევწყვეტთ მის კითხვას, რას აკეთებს სატანა? მისი ერთადერთი მიზანი ჩვენი რწმენის განადგურებაა. ღვთის სიტყვა აცოცხლებს ჩვენს რწმენას.
მაშინ, როცა ასე მჭიდროდ ვეკვრით ღვთის სიტყვას, სატანა ცდილობს, დაგვაშოროს მას. ის შეისწავლის ბიბლიას. აბა, სხვაგვარად როგორ გამოიყენებდა ციტატას 90-ე ფსალმუნიდან? დიახ, ის შეისწავლის წმინდა წერილს. სწავლობს, როგორ დაამახინჯოს იგი და დამაჯერებლად მოგვატყუოს ისევ და ისევ ღვთის სიტყვის გამოყენებით. მას საერთოდ არ უხარია, როდესაც მისი ქვემდგომი ბოროტი სულები აბსურდულ მცდარ განმარტებებს გვაწვდიან, რადგან ადვილად შეიძლება მათი ჩანაცვლება სწორი განმარტებებით.
სატანა ბედნიერია, როდესაც შეუძლია ქრისტიანი დაარწმუნოს, რომ იგავების 15:6 („მართლის სახლში დიდძალი განძია, უკეთურის მონახვეჭს კი უბედურება მოსდევს“) ამართლებს მსოფლიოში შიმშილს მომხვეჭელობის ცოდვის გამო, ან 1-ლი თესალონიკელთა 3:10 („ვისაც შრომა არ სურს, ის ნურც ჭამს“) აუქმებს ქველმოქმედებას, ან რომაელთა 8:28 („ჩვენ კი ვიცით, რომ ღმერთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყველაფერი სასიკეთოდ ეწევათ“) უფლებას აძლევს ქრისტიანებს, გააკეთონ, რაც სურთ, რადგან მაინც სასიკეთოდ შემოუბრუნდებათ… რომაელთა 9:16 („ამრიგად, ეს დამოკიდებულია არა მსურველსა და არა მცდელზე, არამედ მოწყალე ღმერთზე“) თითქოს იმას მიგვანიშნებს, რომ მახარებლობა სრულიად ზედმეტია…
გვაფხიზლებს იმაზე ფიქრი, რომ ღვთის სიტყვა სულის მახვილია (ეფეს. 6:17)? დიახ, ის მართლაც მახვილია! რა უპასუხა იესომ, როდესაც სატანამ ციტატა მოიყვანა წმინდა წერილიდან? იესომ უთხრა მას: „ასევე დაწერილია, არ გამოცადო უფალი, ღმერთი შენი!“ მან წერილი სატანის წინააღმდეგ გამოიყენა, რადგან იესომ უკეთ იცოდა ბიბლია.
რა უნდა გავითვალისწინოთ:
- არ დაუჯეროთ ყველას, ვისაც ციტირება შეუძლია ბიბლიიდან: „როგორც ლაპარაკობს იგი ამის შესახებ ყველა წერილში, რომლებშიც ზოგი რამ ისე ძნელად გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი ამახინჯებენ სხვა წერილების მსგავსად, საკუთარი თავის დასაღუპავად.“ (მე-2 პეტრე 3:16).
- კონტექსტის გათვალისწინებით იკითხეთ ბიბლია და ხშირად იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ უკავშირდება წმინდა წერილის სხვადასხვა ადგილი ერთმანეთს.
- იკითხეთ ის საღვთისმეტყველო წიგნები, რომლებმაც ათწლეულებსა და საუკუნეებს გაუძლო.
- ილოცეთ და იმარხულეთ, რომ კითხვისას ღმერთმა აგიხილოთ სულიერი თვალები და გიჩვენოთ თავის სიტყვაში ჩადებული ჭეშმარიტება და მისი მშვენიერება.
- დაემორჩილეთ იმას, რასაც კითხულობთ ბიბლიაში და ღმერთი გაგიცხადებთ უფრო მეტს.