ვინაიდან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა გარდამეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის.
მაშინ, როდესაც ცხოვრებისეული სიძნელენი გვხვდება, პირველ რიგში, ვცდილობთ ვიღაცების დადანაშაულებას. მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მოვიდა პრობლემა თქვენს ცხოვრებაში; თუნდაც სისულელეებს სჩადიოდეთ, ღმერთს შეუძლია ესეც გამოიყენოს, ანდა, როცა ადამიანები შეგნებულად გაყენებენ ტკივილს, მას ამის გამოყენებაც შეუძლია; მაშინაც კი, როცა ეშმაკი გეგმავს რაღაცით დაგაზიანოთ, ღმერთს ძალუძს, რომ ასეთი მდგომარეობაც კი სასიკეთოდ შემოგიბრუნოთ. ღმერთის განზრახვანი თქვენს პრობლემებსა და ტკივილზე მეტია. მას აქვს გეგმა.
გაიხედე დროებითი ტკივილის მიღმა და დაინახე, შედეგად რა სარგებლობას მოგიტანს ეს ტკივილი. რომაელთა წერილის 5:3-4-ში დაწერილია:
და არა მარტო ამით, არამედ ჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ ჭირი ქმნის მოთმინებას, მოთმინება – გამოცდილებას, გამოცდილება კი – იმედს.
რა არის თქვენს ცხოვრებაში არსებულ სიძნელეთა და პრობლემათა მიზანი? ღმერთს სურს, რომ თქვენ რაღაც ისწავლოთ. ყოველი ქარიშხალი სკოლაა, ყოველი გამოცდა – მასწავლებელი, ყოველი გამოცდილება სწავლებაა, ყოველი სირთულე თქვენი განვითარებისთვისაა განკუთვნილი.
ბევრი ჩვენგანი ნელა სწავლობს. რაღაც თუ ვერ ისწავლეთ, ღმერთი კვლავ დაუშვებს იმავეს თქვენს ცხოვრებაში. ეს რაღაც კვლავ დაბრუნდება, რადგან ღმერთი უფრო მეტად თქვენი ხასიათითაა დაინტერესებული, ვიდრე თქვენი კომფორტით. მას უფრო მეტად ის აინტერესებს, რომ თქვენში ქრისტეს ხედავდეს, ვიდრე ის, რომ თქვენი ცხოვრება გაამარტივოს.
შესაძლოა, ახლა სერიოზული პრობლემის წინაშე დგახართ; ეს შეიძლება იყოს ავადმყოფობა, დანაშაული, ფინანსური სირთულენი, განხეთქილება ურთიერთობებში. აქვს კი ღმერთს თქვენთვის სათქმელი, როცა ამ განსაცდელთა შორის ხართ? ღმერთი გეუბნებათ ახლა: „არ დანებდე! გაიზარდე!“ მიაღწიე მიზანს ამ სირთულეთა შორის – გახდი ისეთი ადამიანი, როგორადაც მან შეგქმნა.