„ჭეშმარიტი სახარება“

by მათე თხელიძე
95 ნახვა

მე არ ვეწინააღმდეგები მსახურებაში თანამედროვე მეთოდების გამოყენებას, მაგრამ იმისათვის, რომ სწორი მიმართულება გვქონდეს, უნდა ვიცოდეთ, რომ თანამედროვე მეთოდები „მსახურების ინსტრუმენტები“ არ გახლავთ.

ჩვენ მუხლებზე დაჩოქილნი ვატარებთ დროს იმისათვის, რომ ღმერთმა მიმართულება გვიჩვენოს, მაგრამ დღეს ბევრი მსახურისთვის ლოცვამ დაკარგა პრაქტიკული მნიშვნელობა. ისინი დაიმედებულნი არიან კომპიუტერებსა და თანამედროვე მეთოდებზე და არა ქრისტეზე.

დღეს ეკლესიების მართვის სადავეები „სპეციალისტებს“ უპყრიათ ხელთ. ცოდვა ფსიქოლოგიური ასპექტით განიხილება და ეწოდება „ავადმყოფობა.“ ნარკოტიკებზე ამბობენ, რომ ეს „სისუსტეა.“ საკურთხეველი შეიცვალა კონსულტაციებით. წინასწარმეტყველთა ადგილი დაიკავეს ფსიქოლოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა, რომლებიც თანამედროვე ჟარგონის გამოყენებით საუბრობენ. მოკლედ რომ ვთქვათ, იესო ჩამოგდებულია ტახტიდან, ფროიდი (ზიგმუნდ ფროიდი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი, მთარგმნ. შენიშვნა) კი ამაღლებულია.

50 წლის წინ ღმერთმა მომიყვანა ნიუ-იორკში, ნარკომანებსა და ლოთებთან მსახურების დასაწყებად. ჩვენ არ გვქონდა არც ფული და არც წიგნები, თუმცა სულიწმიდაზე ვიყავით მთლიანად დამოკიდებულნი. ჩვენი ოფისის შემოსასვლელთან წარწერილი იყო: „აქ არავინ ბრწყინავს სულიწმიდის გარდა!“ მსახურებების დროს ვლოცულობდით: „უფალო, ჩვენი შველა და დახმარება ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს კი არ შეუძლიათ, არამედ სულიწმიდას. ჩვენ ვერ ვუშველით ტვინს, თუ გული არ შეიცვალა!“

ნიკი კრუზი იყო ბანდის წევრი; ის გახლდათ ერთ-ერთი პირველი, ვისაც შემთხვევით შევხვდით. ის იყო უგრძნობი ადამიანი. ნაცნობი ფსიქიატრი დაინტერესდა მისით. ნიკისთან მთელი დღის გატარების შემდეგ მან დაასკვნა, რომ ნიკის გამოსწორება შეუძლებელია და რომ მისი მდგომარეობა უიმედოა.

მიუხედავად ამისა, იესოს სხვა გეგმა ჰქონდა ნიკისთვის. ქრისტემ ხუთ წუთში გააკეთა ის, რაც სპეციალისტებმა შეუძლებლად მიიჩნიეს. მაგრამ ღმერთმა თითქოს მისი გული ისრით განგმირა და ეს ისარი იყო ჭეშმარიტი სახარება: „ნიკი, იესოს უყვარხარ!“

მისი ქვის გული ერთ წამში შეიცვალა ხორცის გულით. ნიკი ტიროდა, ყველას გვეხუტებოდა. სპეციალისტების დასკვნის საპირისპიროდ, ნიკი, ღმერთის ძალის მეშვეობით, ზებუნებრივად გარდაიქმნა.

დევიდ უილკერსონი


ამავე კატეგორიის